დღეს, სასტუმროში “Holiday Inn” სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების III ფორუმი და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნება.
ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდისა (GFSIS) და სლოვაკური ორგანიზაციის - ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხთა ცენტრის (CENAA) ორგანიზებით ტარდება.
კონფერენციის მიზანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავებაა. ფორუმი, რომელზეც ავტორიტეტული უცხოური და ადგილობრივი საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები იყრიან თავს, მნიშვნელოვანი პლატფორმაა პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების მოქმედი და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა რეკომენდაციების, გამოცდილებისა და შეხედულებების გასაზიარებლად. დეკემბრის ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალამდე და ნატოს ვარშავის სამიტამდე განსაკუთრებით მნიშნველოვანია ამ ფორმატის გამოყენება საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების, უსაფრთხოების პოლიტიკისა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ ღია დისკუსიებისთვის.
ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ევროატლანტიკური უსაფრთხოება, საინფორმაციო და ჰიბრიდული ომები, ახლო აღმოსავლეთიდან მომავალი საფრთხეები, 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტი, სამხედრო ბალანსი შავი ზღვის რეგიონში, უკრაინის კრიზისი და ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია დახურული სესია მედიის წარმომადგენლებისთვის.
სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების III ფორუმი და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ერთობლივ ფორმატში პირველად ტარდება.