საქართველოს თავდაცვის მინისტრი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. თინათინ ხიდაშელს უნივერსიტეტში „მოდელირებული პრესკონფერენციის“ ფორმატში უმასპინძლეს.
საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები,- ეს ის მთავარი საკითხებია, რომლებზეც მინისტრმა სტუდენტებს ერთგვარი მოხსენება წარუდგინა. კითხვა-პასუხის ფორმატში კი სტუდენტები საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებით დაინტერესდნენ და მინისტრს შეკითხვები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მონაწილეობის, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის, ვარშავის სამიტის მოსალოდნელი შედეგების და პროდასავლური პოლიტიკის გაძლიერების შესახებ დაუსვეს. საუბრის მთავარ თემებს შორის ასევე იყო სავალდებულო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები.
თავდაცვის მინისტრმა სტუდენტებს უწყების ახალ ინიციატივაზეც მიაწოდა ინფორმაცია. რაც კრიზისების მართვის თემებით ახალგაზრდების დაინტერესებას და მათი იდეების რეალიზაციის ხელშეწყობას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად კი, საუბარია სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებით დაკომპლექტებული პირობითი ჯგუფების შესახებ, რომლებიც კრიზისების მართვასთან დაკავშირებულ ხედვებს მოდელირებულ ფორმატში წარმოადგენენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ახალგაზრდებს ესაუბრები, ეს გაძლევს საშუალებას, იცოდე, რა თემებია იმ მომენტისთვის ყველაზე აქტუალური. როგორც წესი, სტუდენტები არ ერიდებიან პირდაპირი კითხვების დასმას. ამიტომ, განსაკუთრებით საინტერესო იყო მათთან შეხვედრა. ვფიქრობ, ორივე მხარე კმაყოფილი დავრჩით ამ დისკუსიის შედეგად“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებთან თავდაცვის მინისტრის შეხვედრა დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა. შეხვედრის დასასრულს თინათინ ხიდაშელმა სპეციალურ წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა და უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.