საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბათუმში ამერიკულ ნაღმოსან „პორტერზე“ (DDG-58) გამართულ მიღებას დაესწრო. „პორტერი“ არლეი-ბერკის კლასის მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ნაღმოსანია, რომელიც შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტს ეკუთვნის. თინათინ ხიდაშელმა საქართველოში ამერიკული ნაღმოსნის შემოსვლის სტრატეგიულ და პრაქტიკულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ნატოს წევრი ქვეყნების გემების შემოსვლა ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება.
„შავმა ზღვამ, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, სამწუხაროდ, განსაკუთრებული ფუნქცია შეიძინა. უსაფრთხოების კუთხით გამოწვევები შავ ზღვაზე დღეს გაცილებით დიდია. ამიტომ, სწორედ, ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნატოს წევრი ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო გემი, რომელიც შავი ზღვის აკვატორიაში იმყოფება, უსაფრთხოების ერთგვარი გარანტია არის ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც შეიძლება რამე ტიპის საფრთხისა და აგრესიის მოლოდინში იყოს. სიამოვნებით ვხვდები ამგვარი გემების შემოსვლას. სახელმწიფო მადლობელია იმ სწავლებების გამოც, რომელიც ასეთ დროს იმართება ზღვაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს, საზღვრის დაცვისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მეტი გაიგონ, უშუალო შეხება ჰქონდეთ თანამედროვე, ნატოს სტანდარტების შესაბამის საშუალებებთან“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ამერიკულ ნაღმოსანზე გამართულ მიღებას თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან ერთად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი და საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი დაესწრნენ.