საქართველოს თავდაცვის მინისტრი საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებაში - „მოამბე“, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, არმიის გენერალ პეტრ პაველის განცხადებას გამოეხმაურა. 20 ოქტომბერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შესახებ, ევროპის პარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრების შეკითხვას პეტრ პაველმა უპასუხა - სამხედრო კრიტერიუმების მიხედვით, საქართველო ნატოს წევრობისთვის დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
როგორც თინათინ ხიდაშელმა საზოგადოებრივი მაუწყებელის პირდაპირ ეთერში აღნიშნა, ნატოში გაწევრიანების საკითხში მთავარი სამხედრო კომპონენტია და ალიანსის პროექტებსა და ღონისძიებებშიც ეს მიმართულება სჭარბობს.
„საქართველომ ნატოსთან პარტნიორობა სამხედრო მიმართულებით დაიწყო და დღესაც ყველაზე ვრცელი ფორმატით თანამშრომლობა, სწორედ, ამ კომპონენტში მიმდინარეობს. სამხედრო კომპონენტი, ბუნებრივია, არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ შეიარაღებულ ძალებს, ის გულისხმობს მთლიანად თავდაცვის უწყებას, სამხედრო-სამოქალაქო და უწყებათაშორის ურთიერთობებს, მაგრამ, საბოლოოდ, ეს ყველაფერი უკავშირდება უსაფრთხოებასა და სამხედრო თემატიკას. როდესაც ვსაუბრობთ ნატოსთან თავსებად სამხედრო ძალებზე, ეს არ ნიშნავს მხოლოდ ტანკების რაოდენობას და ჯარისკაცების გაწვრთნას, ეს ასევე გულისხმობს სამხედრო სფეროს, თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობას, დემოკრატიულობას“,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხის პოლიტიკურ ნაწილს თინათინ ხიდაშელმა კიდევ ერთხელ განმარტა: „ყველა თანხმდება, რომ ქართული შეიარაღებული ძალები, საქართველოს სამხედრო შემადგენლობა მზად არის ნატოს წევრობისთვის, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრის დროს თქვა, რომ საქართველო მზად არის წევრობისთვის და რომ ქვეყანაში რეფორმები წარმატებით ხორციელდება. მან ასევე ბევრი ისაუბრა უელსის სამიტზე მიღებული პაკეტის განხორციელებაზე. ჩვენ სწრაფი ტემპებით ვმოქმედებთ, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი უკვე გახსნილია, წლის ბოლომდე კიდევ ერთ კომპონენტს - თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების სკოლას გავხსნით. ძალიან მაღალი დონის ვიზიტებია დაგეგმილი საქართველოში მომავალი წლის დასაწყისიდან, რაც, პრინციპში, არის იმის დასტური, რომ აღმავალ გზაზე ვდგავართ და საქართველო სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს მთავარი სტრატეგიული ამოცანის შესრულებისკენ. რათა ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების ის ქოლგა გადაეფაროს, რასაც ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ჰქვია“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.