საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ხორვატიის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ვიშნია ტაფრას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. სხვა საკითხებთან ერთად, კოლეგებმა განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილეს.
როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაა და ქვეყანა დასახული მიზნის მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხორვატია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ სწრაფვას.
ხორვატიის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ქართულ მხარეს მომავალ წელს დაგეგმილ ნატოს ვარშავის სამიტზე მხარდაჭერა აღუთქვა.
ანა დოლიძე ხორვატიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. თავდაცვის მინისტრის მოადგილე სამხრეთ-აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს. ქართული დელეგაცია შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრი ქვეყანის სტატუსით პირველადაა წარმოდგენილი.