საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM ) ხელმძღვანელს, კესტუტის იანკაუსკას შეხვდა. მხარეებმა ქვეყანაში არსებული სიტუაცია მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინა ხიდაშელის განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან პერიოდული შეხვედრები და ინფორმაციის გაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, თავდაცვის უწყება და მონიტორინგის მისია ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ.
„კონფლიქტის ზონების მიმდებარე ტერიტორიების სადამკვირვებლო მისია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმონაქმნია საქართველოს ტერიტორიაზე, ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუციაა საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, ჩვენი თანამშრომლობა ბევრ წელს ითვლის და ძალიან პროდუქტიულია. ინფორმაციების გაცვლის გარდა, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზეზი იყო ისიც, რომ მომავალ წელს მისიის შემდეგი ორი წლის მუშაობა უნდა შეფასდეს. ძალიან ხშირად გვაქვს ვიზიტები ბრიუსელში, არა მხოლოდ ნატოში, არამედ, ევროკავშირშიც ვხვდებით მათ ხელმძღვანელებს და, ბუნებრივია, ჩვენი ყველას ინტერესია, რომ EUMM დარჩეს საქართველოში; ეს მისია კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში და კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. ამიტომ, ასეთი შეხვედრების ამოცანა ისიც არის, რომ ზუსტად ვიცოდეთ საჭიროებები, რომელიც მისიას აქვს, იმისათვის, რომ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, პოლიტიკური ხელმძღვანელობის დონეზე დავეხმაროთ მათ ამ გზავნილების, სურვილების, მოთხოვნების ბრიუსელამდე მიტანაში“, -განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თავდაცვის სამინისტროსთან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.
„საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე თავდაცვის უწყებასა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან არსებული თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. ჩვენ ძალიან კარგი და ხანგრძლივი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ბევრ საკითხზე ვთანამშრომლობთ. მინისტრს დაგეგმილი შეხვედრების შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია. მთელი საქართველოს ტერიტორიის მონიტორინგს ვახორციელებთ და ბრიუსელს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ჟენევას აქ არსებულ სიტუაციას ვაცნობთ. მივესალმები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ძალიან კარგ თანამშრომლობას“, - აღნიშნა კესტუტის იანკაუსკასმა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. 2008 წლის ოქტომბრიდან მისია ხელს უწყობს ადგილზე მდგომარეობის სტაბილიზაციასა და დაძაბულობის შემცირებას.