საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ვიქტორ მუჟენკო ესტუმრა. უკრაინელ კოლეგას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გენერალურ შტაბში გაიმართა. ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა.
ცერემონიალის შემდეგ ორი ქვეყნის პირველმა სამხედრო პირებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. გენერლებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ასევე ისაუბრეს სამხედრო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე, სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობასა და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე.
საქართველო და უკრაინა სამხედრო სფეროში 1998 წლიდან თანამშრომლობენ. ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის ყოველწლიურად ფორმდება ორმხრივი თანამშრომლობის გეგმები. საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო კურსები 2007 წლიდან დღემდე 50-ზე მეტმა უკრაინელმა სამხედრომ გაიარა.
პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის გენერალური შტაბის დელეგაციასთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. გენერალ-პოლკოვნიკმა ვიქტორ მუჟენკომ შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერი დატოვა.
ოფიციალური შეხვედრების შემდეგ უკრაინის გენერალური შტაბის უფროსი გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ქართველ მებრძოლთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. დაგეგმილია გენერალ-პოლკოვნიკ მუჟენკოს სტუმრობა ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“, სადაც უკრაინელი სტუმრები სამეთაურო-საშტაბო სწავლებას - „დიდგორი 2015-ს“ დააკვირდებიან.
მოგვიანებით უკრაინელი გენერალი დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში მოინახულებს. ამჟამად, წეროვანში რეაბილიტაციის კურსს დაჭრილი უკრაინელი სამხედროების მეორე ნაკადი გადის.