დღეს, 20 ოქტომბერს, აშშ-ის საზღვაო ძალების გემი "პორტერი" ბათუმში შემოვიდა. ამერიკული გემის დახვედრის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ბათუმის ვიცე მერი ბაგრატ მანველიძე და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ძალების ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი უილიამ (ბილ) კონერი დაესწრნენ. 11 საათზე გემის კაპიტანი და მისი მოადგილე შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან გამართავენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკული გემები რეგულარულად სტუმრობენ საქართველოს. "პორტერის" ვიზიტისას ამერიკელი მეზღვაურები საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთობლივ წვრთნებს გამართავენ. ვიზიტის მიზანია, ხელი შეუწყოს შეერთებული შტატების მე-6 ფლოტისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას და განამტკიცოს საზღვაო უსაფრთხოება. ბათუმში ყოფნისას გემს აშშ-ის ელჩი იან კელი და აშშ-ის საზღვაო ძალების ატაშე, ლეიტენანტ-პოლკოვნიკი ბილ კონერი ეწვევიან.
"პორტერი" "არლეი ბერკის" კლასის ნაღმოსანია. ის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების სამხედრო სამსახურშია. გემს სახელი ეწოდა აშშ-ის საზღვაო ძალების უფროსი კაპიტნის, დევიდ პორტერისა და მისი ვაჟის, ადმირალ დევიდ დიქსონ პორტერის პატივსაცემად.
აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპის კონტინგენტი (მე-6 ფლოტი) აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის სამხედრო ოპერაციების სრული სპექტრის შემადგენელი ნაწილია. ის შეუფერხებელ საზღავაო მიმოსვლასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. მე-6 ფლოტის ამოცანაა მშვიდობის, სტაბილურიბისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობა ევროპისა და აფრიკის რეგიონებში.