საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. წელს მინისტერიალს ხორვატია მასპინძლობს. საქართველო, როგორც წევრი ქვეყანა, მინისტერიალში პირველად მონაწილეობს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამგზავრებამდე ანა დოლიძემ ვიზიტის მიზანსა და მინისტერიალში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„თავდაცვის სამინისტროს მიზანია მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა ის საერთაშორისო ტრიბუნა, რომელიც არსებობს, იმისათვის რომ გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი თავდაცვის სისტემა, მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი უსაფრთხოების საჭიროებები და შესაძლებლობები; შესაბამისად, ამ ქსელში მონაწილეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სხვადასხვა საკითხზე ინფორმაციის გაცვლა, მათ შორის, საქართველოში სამხედრო ჰოსპიტალის განვითარების პროგრამაზე შეხვედრა მოხდება, იქნება აგრეთვე სიმულაციური სწავლებების დაგეგმვა, რასაც ეს ორგანიზაცია აქცევს ყურადღებას, ასევე გაიმართება ინდივიდუალური შეხვედრები სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებთან, რომლებთანაც ისედაც გვაქვს კავშირი და რომლებიც ამ ქსელის ნაწილი არიან.
მთავარი წინსვლა, რომელიც დღეს ჩვენ ამ ქსელთან მიმართებაში ხელში გვიჭირავს, არის ის, რომ საქართველო 2006 წლიდან იყო დამკვირვებელი ქვეყანა, წელს ჩვენ პირველად ვმონაწილეობთ როგორც მონაწილე ქვეყანა. როგორც წევრ ქვეყანას, რა თქმა უნდა, მეტი უფლებები გვაქვს, წევრ ქვეყნებთან პირდაპირი შეხება გვაქვს. აქ არიან სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ზოგი ნატოს წევრია და ზოგი - არა. ამის მიუხედავად, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, უკეთეს ეტაპზე გადავიყვანოთ ის პროგრამა და თანამშრომლობა, რომელიც ამ ქვეყნებთან გვაქვს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
აღნიშნული ფორმატი რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობასა და მონაწილე ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ემსახურება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მინისტერიალის (SEDM) ინიციატივას 2013 წლის ოქტომბერში შეუერთდა და გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადი გააკეთა. მანამდე, 2006 წლიდან ქართული მხარე ამ ფორმატში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალს საფუძველი 1996 წლის სექტემბერში, აშშ-ის ხელშეწყობით, ტირანაში (ალბანეთი) გამართულ რეგიონის მინისტრთა შეხვედრაზე ჩაეყარა.