ავღანეთიდან IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ერთი ასეული საქართველოში დაბრუნდა. დახვედრის ცერემონიალი ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.
43-ე ბატალიონი საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვედანაყოფია, რომელიც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩაერთო. პირველად ამ მისიით ავღანეთში მეხუთე ქვეითი რიგადის 51-ე ბატალიონი იმყოფებოდა.
„პატივი იყო ამ ბიჭებს შევხვედროდი უკვე თბილისში. მე მათ ავღანეთში შევხვდი ჩემი მინისტრობის პირველ კვირებში. ეს ორი დღე იქნება მუდმივად ემოციური, რადგან ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე რეისი ჩამოდის. ხვალ საღამოს დასრულდება ამ კონტინგენტის როტაცია, უკვე მეთაურიც ჩამოვა. ალბათ ხვალ ყველაზე უფრო ამაღელვებელი საღამო იქნება, იმიტომ, რომ დროშით ჩამოვლენ და ოფიციალური ცერემონიალიც გვექნება. მე მხოლოდ მადლობა შემიძლია ვუთხრა პირველ რიგში ამ ბიჭებს, მათ ოჯახებს, ბრიგადას, საიდანაც ისინი ავღანეთში წავიდნენ; ყველა სამხედროს, რომელიც მათ გვერდში იდგა მუდმივად ამ ხნის განმავლობაში. ბიჭებს, რომლებიც ახლა წავიდნენ ავღანეთში და შემდგომი ექვსი თვის განმავლობაში იქნებიან ამ მისიის შესრულების პროცესში. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ კონკრეტულ შემადგენლობას მსხვერპლი ჰქონდა, იცით თქვენ, რომ სულ რამდენიმე ხნის წინ დაიღუპა ჩვენი ერთი ბიჭი - ვალის ყულჯანაშვილი, მაგრამ ეს არის ომი და მისი სამწუხარო შედეგები. ზუსტად ვიცი, ზუსტად შემიძლია დავინახო, წარმოვიდგინო, რომ ფასი რომელსაც საქართველო, როგორც სახელმწიფო, იხდის საკუთარი უსაფრთხოებისთვის ამ ფორმით ავღანეთში, ამ შემთხვევაში აუცილებლად იქნება უფრო მეტი უსაფრთხოების მომტანი თავად ჩვენი ქვეყნისთვის და გარანტია, რომ ამ ბიჭების შვილები გაცილებით უკეთეს ქვეყანაში იცხოვრებენ და უკეთეს ქვეყანაში გაიზრდებიან,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.
„ეს არის იმ დანაყოფის პირველი ნაწილი, რომელმაც საქართველოში ძირითადად (სამხედროებისთვის განკუთვნილი) ტვირთი ჩამოიტანა. ყველაფერი მიმდინარეობს გეგმის მიხედვით. დღეს საღამოსვე იქნება შემდეგი ნაწილი, ხვალაც ჩამოვლენ, მეთაური ალბათ ხვალ დაგვიბრუნდება. რა შემიძლია ვთქვა? რომ დანაყოფმა წარმატებით შეასრულა თავისი მიზნები, მის წინაშე დასახულ ამოცანას გაართვა თავი სრულად და გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი შეიარაღებული ძალების სტატუსის ამაღლებისკენ,“ - დასძინა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იყო დისლოცირებული. პირველად შეიარაღებული ძალების ისტორიაში მისიაში მასთან ერთად მონაწილეობდა ეროვნული გვარდიის გაძლიერებული ოცეულიც. 43-ე ბატალიონი, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, ფართო სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდა. მათი მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. ავღანეთში როტაციის წესით ის მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.