ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და სამხედრო ურთიერთობის გარდა, ქვეყნები კულტურის სფეროშიც აქტიურად თანამშრომლობენ, კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროპაში აშშ-ს საჰაერო ძალების სამხედრო ბენდის სტუმრობით.
ამერიკელი სამხედრო მუსიკოსები თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში თავდაცვის სამინისტროს მოწვევით ჩამოვიდნენ.
ევროპის მოედანზე დაგეგმილ კონცერტამდე ამერიკელმა სამხედრო მუსიკოსებმა ქართველი ჯარისკაცებისთვის და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის კონცერტი გორში, გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში გამართეს. საღამოს გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობაც დაესწრო.
ღონისძიება საქართველოსა და აშშ-ს სახელმწიფო ჰიმნებით გაიხსნა. როგორც ბენდის დირიჟორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მაიქლ მენშმა აღნიშნა, ბენდის ტრადიციიდან გამომდინარე, ყველა კონცერტის დასაწყისში ისინი საკუთარ მადლიერებას მასპინძელი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით გამოხატავენ.
საღამოზე ამერიკული კლასიკა, სამხედრო მარშები და ჯაზი შესრულდა. სამხედრო ბენდმა ერთ-ერთი კომპოზიცია „დღესასწაულები“ აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ პარტნიორობას მიუძღვნა. „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა, მტკიცე პარტნიორობა რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჩვენი ხალხების თავისუფლების საწინდარია,“ - განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა მაიქლ მენშმა კომპოზიციის შესრულებამდე.
თბილისობის დღესასწაულზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრს და ამერიკელ სამხედრო მუსიკოსებს თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრიც შეუერთდება.
18 ოქტომბერს კი საქართველოს, აშშ-სა და თურქეთის სამხედრო ბენდები ყვარელში მთავარ მოედანზეც გამართავენ ერთობლივ კონცერტს.