საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებიან. დელეგაციას ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე და 43-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ვიტალი ცხადაძე დახვდნენ.
თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონს ეწვივნენ. ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვიტალი ცხადაძემ სტუმრებს საინფორმაციო-გაცნობითი ბრიფინგი გაუმართა და ქართული ქვედანაყოფის ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა.
ვიზიტის ფარგლებში დავით ებრალიძე და პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურს, გენერალ-მაიორ ჯეიმს რეინის შეხვდნენ. მხარეებმა მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობასა და ორმხრივ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
დელეგაციის წევრები ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსაც შეხვდნენ. მათ პირადი შემადგენლობის ყაზარმები დაათვალიერეს და სამხედროების ყოველდღიურ საქმიანობას გაეცნენ. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ქართველ სამშვიდობოებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება მიულოცეს და სამშლობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.