საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ მრჩეველს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ალექსანდრა ლუის პოლს უმასპინძლა.
ალექსანდრა ლუის პოლი საქართველოში სამი დღის წინ ჩამოვიდა და საქმიანობას უკვე შეუდგა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გენერალ-მაიორმა ყურადღება თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა.
მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების გეგმებზეც ისაუბრეს. ბრიტანელმა მრჩეველმა განაცხადა, რომ წინამორბედების პრიორიტეტები - საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება თუ პროფესიული და ძლიერი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება - არ შეიცვლება. მან უწყებას რეფორმების პროცესში დახმარება აღუთქვა. ალექსანდრა ლუის პოლი თავდაცვის სამინისტროს კონსულტაციებს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაუმჯობესების კუთხით გაუწევს.
გენერალ-მაიორის თქმით, რეფორმების პერიოდში პირადი შემადგენლობის მენეჯმენტის საკითხებში, რეზერვისა და სამობილიზაციო სისტემების ჩამოყალიბების პროცესში ახალი მრჩევლის რეკომენდაციები მნიშვნელოვანი იქნება. მან ალექსანდრა ლუის პოლს ნაყოფიერი თანამშრომლობა უსურვა.
დიდმა ბრიტანეთმა თავდაცვის სამინისტროში სპეციალური მრჩეველი, ალექსანდრა ლუის პოლი სამუშაოდ სამი წლის ვადით მოავლინა. მან აღნიშნულ პოზიციაზე სტივენ გლოვერი შეცვალა. გენერალური შტაბის უფროსმა ყოფილ მრჩეველს გაწეული დახმარებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.