საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფრანგ კოლეგასთან ნატოს შტაბ-ბინაში ორმხრივი შეხვედრა გამართა. ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, საფრანგეთი საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე იზრუნებს.
არსებითი პაკეტის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებაზე იდენტიფიცირებულები არიან პროექტის ლიდერი სახელმწიფოები, რომლებიც საქართველოს თავდაცვის სფეროს სხვადასხვა კომპონენტების გაუმჯობესება- გაძლიერებაზე ზრუნავენ. სწორედ ამ მიზნით, საფრანგეთი იქნება ქვეყანა, რომელიც საჰაერო სივრცის დაცვის გაუმჯობესებისთვის საქართველოში ექსპერტებს მოავლენს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მონაწილეობის შესახებ ფრანგი კოლეგის დღევანდელი დასტური იმ აქტიური თანამშრომლობის და პრაქტიკული შედეგების ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც უახლოეს წარსულში ორ ქვეყანას ჰქონდა.
„მოგეხსენებათ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს ივნისში შევხვდით, როდესაც ხელი მოეწერა ცნობილ ხელშეკრულებებს. მაშინ ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ საფრანგეთი გამხდარიყო საქართველოს პარტნიორი ქვეყანა ნატოს კონტექსტსა და ფარგლებში. დღემდე ფრანგები არ იყვნენ წარმოდგენილნი არც ერთ კომპონენტში და ამიტომაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა. ჟან-ივ ლე დრიანის განაცხადებით, მათ უკვე იმუშავეს ამ თემებზე და მიღებული აქვთ გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გამაცნეს. საფრანგეთი საჰაერო თავდაცვის სეგმენტში საქართველოს დახმარების კუთხით ლიდერი ქვეყანა გახდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხოლოდ იმიტომ კი არ არის, რომ ფრანგებს უზარმაზარი გამოცდილება და რესურსები აქვთ და ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი ხდება საქართველოსთვის, არამედ, მნიშვნელოვანია პოლიტიკურადაც. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, დღემდე საფრანგეთი ნატოს კონტექსტში, ორმხრივად, საქართველოს პარტნიორთა სიაში არ იყო. არ იყო იმ 15 ქვეყანას შორის, რომელთანაც ჩვენ პრაქტიკული თანამშრომლობა გვქონდა. დღეს მივიღეთ პასუხი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრისგან, რომ ამერიკელებისა და გერმანელების მსგავსად ისინიც ხდებიან საქართველოს პარტნიორები. საჰაერო თავდაცვის მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერის საკითხში საფრანგეთი ხდება ლიდერი ქვეყანა. პოლიტიკურად ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი მხრიდან. საქართველო-ნატოს ურთიერთობების კონტექსტში მათი თანამონაწილეობა კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი ხდება. ასევე, ჩვენ მივიღეთ დაპირება საფრანგეთის თავდაცვის მინისტრისგან, რომ მომავალი წლის დასაწყისში ის საქართველოში ჩამოვა, რაც ამ თანამშრომლობის გაღრმავების კიდევ ერთი პოლიტიკური დადასტურება იქნება“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.