საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ესტონეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი სიმ სალისტე ესტუმრა. უცხოელ სტუმარს მასპინძლობა ქართველმა კოლეგამ - საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ბესიკ ხატიაშვილმა გაუწია. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ესტონეთს შორის სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.
„ესტონელ კოლეგასთან ესტონეთსა და საქართველოში არსებული სერჟანტთა სისტემები განვიხილეთ. გავცვალეთ შეხედულებები და იდეები. ქართულ და ესტონურ სერჟანტთა სისტემას შორის ბევრი რამ არის საერთო. ჩვენ მსგავსი გამოწვევები გვაქვს და სამომავლო პერსპექტივებისთვის ინფორმაციის ინტენსიურ გაცვლას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ბესიკ ხატიაშვილმა.
ესტონეთის შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა შეხვედრა გამართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან. მხარეებმა საქართველო-ესტონეთის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ესტონეთის დელეგაცია უკვე იმყოფებოდა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში. ამჯერად ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრებიან და ცენტრში არსებულ სამუშაო პროცესს გაეცნობიან.