დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ თავდაცვის უწყებაში შვედეთის სამეფოს დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ შვედეთის სამეფოს ელჩი მარტინა ქვიქი, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიმართულების სპეციალისტი იოჰან აიდმანი და სამხედრო მრჩეველი, ბრიგადის გენერალი ლარს-ოლოფ კორნელიუსონი.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში ანა დოლიძემ შვედ სტუმრებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების მხარდაჭერისთვის და შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში შვედი დამკვირვებლების მონაწილეობაზე. მან სტუმრებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მხარეები თავდაცვის სფეროში საქართველოსა და შვედეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხნენ. განსაკუთრებით აღინიშნა ურთიერთობა სამხედრო განათლების მიმართულებით. ანა დოლიძემ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ შვედ სტუმრებს ქართული სამხედრო კონტინგენტის ნატოსა და ევროკავშირის მისიებში მონაწილეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხო.