ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული ძალების სარდლობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. სარდლობის მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით ვირჯინიის შტატში, სარდლობის შტაბ-ბინაში ნორფოლკში გაიმართა. გენერალი ჟან-პოლ პალომეროსი აღნიშნულ თანამდებობაზე ფრანგმა გენერალმა დენის მერსიემ ჩაანაცვლა.
ნატოს გაერთიანებული სარდლობის ყოფილი მეთაურის, გენერალ ჟან-პოლ პალომეროსის პირადი მოწვევით, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, მის მოადგილესთან ალექსანდერ ვერშბოუსთან და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ პეტრ პაველთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
ცერემონიის დასრულების შემდეგ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გენერალ ჟან-პოლ პალომეროსს მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“ გადასცა. ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებულ ძალების ყოფილმა სარდალმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის, ნატოს „გონივრული თავდაცვის“ („Smart Defence”) ინიციატივის ფორმატში, ინდივიდუალური სწავლების და განათლების პროგრამის შემუშავება-განვითარების და საქართველოს შეიარაღებული ძალების კოალიციური ძალების ქვედანაყოფებთან თავსებადობის ამაღლების პროცესში შეტანილი დიდი წვლილისთვის მიიღო.