სუიციდის პრევენციის მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიური კამპანია დაიწყო. ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სერჟანტებს სუიციდის პრევენციისა და სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური ურთიერთმხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო ბროშურები დაურიგდათ და პირველი სემინარი ჩაუტარდათ.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ დასავლეთ სარდლობის სერჟანტებს პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სიახლეების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნო.
„სამინისტრო ჯარისკაცების ფსიქოლოგიური მხარდაჭერის კუთხით თვისობრივად ახალ მიდგომას ნერგავს. ამ მიდგომას ჰქვია „მხარი მხარს“. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ჯარისკაცის ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, მათი მაღალი მორალური განწყობა. ვგეგმავთ მთელ რიგ ღონისძიებებს და, სწორედ, ამის შესახებ ვესაუბრეთ სერჟანტებს. ღონისძიებები მოიცავს სპორტულ აქტივობებს, მყისიერ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, ცხელ ხაზს, სემინარებსა და ლექციებს ყველა დონის მეთაურებისთვის, რათა სათანადოდ შეძლონ ჯარისკაცის მორალურ-ფსიქოლოგიური განწყობის ამოცნობა“,- განაცხადა ანა დოლიძემ.
თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის ინიციატივით საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სუიციდის პრევენციასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მომზადებულია სპეციალური საინფორმაციო ბროშურა, რომელიც სერჟანტებს და სამეთაურო რგოლს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინონ და სწორი კომუნიკაცია დაამყარონ დახმარების საჭიროების მქონე თანამებრძოლებთან. ამოქმედდა ცხელი ხაზი და ასევე იგეგმება სპეციალური სემინარების ციკლი სამეთაურო რგოლისთვის, რომლის მეშვეობითაც სერჟანტ-ოფიცრები სუიციდის პრევენციისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს დახვეწენ. სემინარებს თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტი ხელმძღვანელობს.
ქუთაისში სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური ურთიერთმხარდაჭერის პოლიტიკის ფარგლებში გამართული ღონისძიება მხოლოდ ერთი ნაწილია კამპანიის, რომლის სახელწოდებაცაა „მხარი მხარს“. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნული კამპანიის დეტალებზე საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.