ENG / RUS       12+

რამაზ საყვარელიძე: ხალხს ლიდერი არ ჰყავს

რესპოდენტის შესახებ

ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და მის გავლენაზე საგარეო ურთიერთობებზე, მოსახლეობის განწყობებზე და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მოსალოდნელ კონფიგურაციებზე ,,ჯი-ეიჩ-ენი” პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

 

-რამდენად იმოქმედა უგულავას თავისუფლებაზე ყოფნის 24-მა საათმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე ?

- ჩემის აზრით, დასაწყსში, სანამ უგულავას ერთდღიანი თავისუფლება დადგებოდა, მოსახლეობას ეგონა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” ისევ მარცხი გადაიტანა და ეს პოლიტიკურ სიტუაციაზე მკვეთრად აისახებოდა. მას შემდეგ, როდესაც ხელისუფლების სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, მეორე დღეს მოახერხეს და მოუტრიალეს უგულავას მდგომარეობა, ვფიქრობ, დიდი ზეგავლენა პოლიტიკურ სიტუაციაზე არ მოუხდენია.

- ოპოზიციის მხრიდან გაისმა მოწოდებები პრეზიდენტის მიმართ უგულავასა და სხვა მაღალჩინოსნების შეწყალების თაობაზე. როგორ ფიქრობთ, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არსებული ღია თუ ფარული დაპირისპირების ფონზე, გამოიყენებს ამ უფლებას გიორგი მარგველაშვილი?

- ძნელი სათქმელია, გამოიყენებს თუ არა, ეს არის დამოკიდებული სამომავლოდ როგორ გეგმებს აწყობს მარგველაშვილი და ასე შემდეგ. ჩემის აზრით, თუ მარგველაშვილმა ეს ნაბიჯი გადადგა მისთვის წამგებიანი იქნება. მოსახლეობის დამოკიდებულება ,,ნაციონალების” მიმართ ამ ეტაპზე არ არის დადებითი საიმისოდ, რომ მისი შეწყალება მოსახლეობამ დადებითად შეაფასოს. ,,ნაციონალებისა” და რიგი დასავლეთის პოლიტიკოსების კეთილგანწყობა ამით შეიძლება მიიღოს მარგველაშვილმა, მაგრამ მოსახლეობის კეთილგანწყობის მოპოვება ძალიან გაუჭირდება.

-,,ნაციონალებმა“ და ,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ ერთობლივი სარჩელი შეიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოში (საქართველოს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მიღებულ კანონზე, რომლის თანახმადაც მას ზედამხედველობის ფუნქცია ჩამოერთვა), როგორ ფიქრობთ, ეს ერთჯერადი თანამშრომლობაა, თუ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ამ ორი პოლიტიკური ჯგუფის გაერთიანებაც შესაძლოა, ვიხილოთ?

- პრაქტიკულად შემიძლია იგივე პასუხი გაგცეთ, რაც წინა შემთხვევაში მოგახსენეთ. ვინ რას ფიქრობს ძნელი სათქმელია, მაგრამ თუ კი ,,თავისუფალმა დემოკრატებმა” გააგრძელეს ამ კალაპოტში დინება მემგონი ეს მათთვის წამგებიანი იქნება.

- ყოფილი პრემიერი - ბიძინა ივანიშვილი, მომავალი არჩევნებისთვის ისევ კოალიცია ,,ქართულ ოცნებაზე“ დებს ფსონს, თუ უკვე გამოკვეთილია ახალი გაერთიანება ან პარტია, რომელსაც შესაძლოა დაეყრდნოს? ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩევნებისთვის თავადაც აპირებს დაბრუნებას პოლიტიკაში..

- არის ასეთი ვერსიები, თუმცა ყოფილი პრემიერის ახლო გარემოცვა არ ადასტურებს ამ ინფორმაციას. თუ ყოფილი პრემიერი გადაწყვეტს დაბრუნდებას პოლიტიკაში, ის ჩაუდგება სათავეში ,,ქართულ ოცნებას”. ხოლო, რაც შეეხება ამომრჩეველს და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას - გააჩნია ვისთვის რა არის გამარჯვება. ზოგისთვის პარლამენტში შესვლა უკვე გამარჯვებაა, ხოლო ზოგისთვის უმრავლესობის მოპოვება - მაგალითად ნაციონალებისთვის, ზოგისთვის კი საკონსტიტუციო უმრავლესობაა მთავარი.

 

- როგორ ზეგავლენას ახდენს საქართველოში არსებული პოლიტიკური, სამართლებლივი, ეკონომიკური ვითარება ქვეყნის საგარეო ურთიერთობებზე?

-ეკონომიკური დაძაბულობა არ აისახება, იმიტომ რომ იგივე პრობლემა ძალიან ბევრ ქვეყანაში გვხვდება. პოლიტიკური დაძაბულობებიც ნაწილობრივ არ აისახება, თუ არ ვიგულისხმებთ პოლიტიკურ ჯგუფებს დასავლეთში, რომლებიც ცოტანი არიან დარჩენილნი. სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს რეაქცია ამ ყველაფერზე ნაკლებად აქვთ.

- თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის შემართებას როგორ შეაფასებდით, ხომ არ გადაფარავს მის აქტივობებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები? რა შანსი აქვს საქართველოს ვარშავის სამიტზე?

- ვარშავის სამიტზე საქართველოს თემა ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. არათუ ხიდაშელის გავლენა საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ თვითონ საქართველოს როლზე საერთაშორისო ურთიერთობებში. რუსეთის ნაბიჯებიც მნიშვნელოვანია და იმდენი რამე იმოქმედებს ამ გადაწყვეტილებაზე, რომ მხოლოდ ხიდაშელის ფიგურა ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება .

 

- მოსალოდნელია თუ არა ხალხის მღელვარების მომატება ქვეყანაში არსებულ დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე?

-ნებისმიერ ჯანყს ლიდერი სჭირდება, დღეს, მე ვფიქრობ , რომ ისეთი სიტუაციია - ხალხს ლიდერი არ ჰყავს. შესაბამისად, მღელვარების საფრთხეებიც ნაკლებ მოსალოდნელია.

,,ჯი-ეიჩ-ენი”, ესაუბრა ნიკა მამულია

ავტორი: . .