საქართველოს პრეზიდენტი ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს გმირის გაზრდისთვის მადლობას უხდის. გიორგი მარგველაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ჩამოსვენებას დაესწრო.
პრეზიდენტმა მიმართა ავღანეთში დარჩენილ ქართველ სამხედროებსაც და აღნიშნა, რომ ასეთი ვაჟკაცებით იყო და იქნება საქართველო ძლიერი.
,,პირველ რიგში მინდა, მივმართო ოჯახს, მივუსამძიმრო და ვუთხრა მადლობა ასეთი გმირის გაზრდისთვის. მინდა, მივმართო იმ ბიჭებსაც, რომლებიც დარჩნენ ავღანეთში და, რომლებმაც დაკარგეს თანამებრძოლი, იმ ახალგაზრდებს ვინც ვნახეთ აეროპორტში და ვუთხრა, რომ ჩვენ გვესმის მათი ტკივილის. მინდა, მივმართო შეიარაღებულ ძალებსაც და ვუთხრა, რომ მადლობლები ვართ იმ დიდი სამსახურისთვის, რომელსაც ქართული არმია საქართველოსთვის სწევს და იმ სისხლისთვის, რომელსაც სამშობლოსთვის ღვრის. ასევე, მინდა მივმართო საზოგადოებას და ვუთხრა, რომ ასეთი ვაჟკაცებით ვიყავით ჩვენ ძლიერი, ვიქნებით მომავალში. საქართველო კვლავ გააგრძელებს არსებობას, როგორც ძლიერი სახელმწიფო სწორედ ასეთი ბიჭების წყალობით და ისინი აღარ დაიღუპებიან, ისინი გააგრძელებენ ახალი ქვეყნის შენებას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ვასილ ყულჯანიშვილს 29 სექტემებერს, რუსთავში დაკრძალავენ.