ავღანეთში პატრულირების დროს გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე პატივი მიაგეს. პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის საქართველოში გაცილების ცერემონიას ავღანეთში უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე; ქაბულში III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის მეთაური, კაპიტანი გიორგი ჯალაღონია; საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამეთაურო რგოლი და 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
ქართველ სამხედროებთან ერთად ცერემონიას ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაური, გენერალ-მაიორი ჯეიმს რეინი, ტაქტიკური დაჯგუფება სოლიდის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზაქარი მილერი, ავღანეთში პოლონეთის კონტინგენტის მეთაური, პოლკოვნიკი ადამ ლუზინშიკი, ავღანეთში პოლონეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მარეკ ჟარნოლანში, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა მეკავშირე ჯგუფი და ავღანეთში ჩეხეთის ქვედანაყოფის მეთაური, კაპიტანი მარეკ ჯერაბეკიც დაესწრნენ.
პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი სამოქმედო არეალში პატრულირებისას მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.