საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მარნეულის საავიაციო ბაზაზე აზერბაიჯანელ სამხედროებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მინისტრი ჯარისკაცებს გაესაუბრა, ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და დღესასწაულთან დაკავშირებით ტკბილეულით გაუმასპინძლდა.
„კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს დღევანდელი დღე. ჯარში ბევრი აზერბაიჯანელი საქართველოს მოაქალაქე გვყავს. მარნეულის საავიაციო ბაზაზე კი ყველაზე მეტნი არიან. დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათთან გასაუბრება. ჩემი აზრით, საქართველოს ყველაზე დიდი ხიბლი არის, სწორედ, მრავალფეროვნებაში, მულტირელიგიურობაში, მეგობრობაში, თანაცხოვრობის აბსოლუტურად იდეალურ მაგალითებში, რომელსაც ყოველდღიურად ქმნის ქართველი ხალხი, ქმნის სამხედრო ნაწილებში, სოფლებში, ზოგადად, სამოქალაქო ცხოვრებაში. შეიარაღებული ძალების ეს კონკრეტული ნაწილიც ამის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.