თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში შიდა აუდიტის ტრენინგი დაიწყო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული რეფორმის - სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის - მნიშვნელოვან ნაწილს საჯარო სექტორში ფუნქციურად ძლიერი შიდა აუდიტის სამსახურების ჩამოყალიბება და მათი საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით დაიწყო შიდა აუდიტის ტრენინგი.
ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ გახსნა და შიდა აუდიტორთა უწყვეტი პროფესიული განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სამსახურში მსახურობდნენ კეთილსინდისიერი, პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით საკუთარი მოვალეობა და საჯარო რესურსების განკარგვა. ეს კურსი ერთ-ერთია, რომელიც ჩვენი საჯარო მოხელეების უნარ-ჩვევების გაძლიერებას, მათი პროფესიონალიზმის დახვეწას ემსახურება. ასეთი შესაძლებლობების შექმნა ჩვენი საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია და ეს ყოველდღიურად დაეტყობა იმ მომსახურებას, რომელსაც ჩვენ გავცემთ საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ასეთი შესაძლებლობები მომავალშიც იქნება ძალიან ხშირად. რაც მეტ შესაძლებლობას შევუქმნით ჩვენ საჯარო მოხელეებს, რომ დახვეწონ საკუთარი კვალიფიკაცია, გაუმჯობესდნენ, მით უკეთესად შევძლებთ ჩვენ მოვემსახუროთ საქართველოს მოქალაქეებს", - განაცხადა ანა დოლიძემ.
ტრენინგზე დამსწრეებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი, გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუც მიესალმნენ.
ტრენინგში თავდაცვის სამინისტროსა და კიდევ 9 სამინისტროს შიდა აუდიტორები მონაწილეობენ. სემინარს ესწრებიან ასევე წარმომადგენლები ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტიდან, რომელიც საჯარო სექტორში შიდა აუდიტის რეფორმის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი. კურსის ფარგლებში მონაწილეები შესყიდვების, ადამიანური რესურსების, ინფორმაციისა და კორპორაციული მართვის, ასევე თაღლითობის რისკის აუდიტის საკითხებს შეისწავლიან. ქართველი შიდა აუდიტორებისთვის ტრენინგს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შერჩეული ინსტრუქტორი ჯონ ჩესჰაიერი ატარებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტრენინგს დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამასთან (PDP), ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან თანაორგანიზებით მართავს.
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის ფარგლებში შიდა აუდიტის პროფესიულ ზრდაზე ზრუნვა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2012 წლიდან დაიწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შიდა აუდიტი შედარებით ახალი ფუნქციაა და მისი სრულყოფილად ამოქმედება უწყების პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც მას რესურსების ეფექტურ მართვაში დაეხმარება.