თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დადებითად აფასებს ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ნატო საქართველოს გვერდით იდგება, თუმცა მინისტრის თქმით, ხალხი თავს გრძნობს იმედგაცრუებულად, რადგან აღარ სჯერათ, რომ ნატო-ში ინტეგრაცია მოხდება ახლო მომავალში.
ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტად მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა BBC-ის გადაცემა „HARDtalk“-ში ინერვიუს დროს განაცხადა.
„კარგია ამის მოსმენა, მაგრამ, უკვე 21 წელია ნატოსკენ მივისწრაფით და ვაკაკუნებთ ნატოს კარზე. ჩვენ შეგვიპრდნენ, რომ თუ რეფორმებს გავატარებდით და შევასრულებდით დაკისრებულ მოვალეობებს, საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ იმედგაცრუება, როდესაც საქართველოს უარი ეთქვა მაპის გადაცემის თაობაზე, თუმცა, სამიტზე ნატოს ყველა ქვეყნის ლიდერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი ქვეყანა და ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩება“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
მინისტრის თქმით, არ არის სიმართლე, თითქოს საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია, პირიქით, როგორც ხიდაშელი ამბობს, ეს მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„უბრალოდ, ეს ხალხი თავს გრძნობს იმედგაცრუებულად, რადგან აღარ სჯერა, რომ ეს მოხდება ახლო მომავალში“,- განაცხადა ინტერვიუს დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.