ესტონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი რიჰო ტერასი ვაზიანში IV მექანიზირებულ ბრიგადას ესტუმრა. სამხედრო ნაწილში ესტონეთის დელეგაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის წევრებმა IV მექანიზირებული ბრიგადის ხელმძღვანელობისგან ქვედანაყოფის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ვაზიანში ესტონელ სტუმრებს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. ესტონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვირტუალური სიმულაციური სწავლების ცენტრი დაათვალიერა და საჩვენებელ მეცადინეობას დაესწრო. მოგვიანებით სტუმრებმა სპორტული დარბაზიც მოინახულეს და IV მექანიზირებული ბრიგადის შეიარაღებას გაეცნენ.
„ესტონეთის შეიარაღებული ძალები შედარებით მცირე ზომის არის და სხვა მიმართულებით არიან განვითარებულები, ჩვენი შეიარაღება და სისტემები კი - სხვა მიმართულებით. სწორედ, ეს განსხვავებები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის დროს. ესტონელებს აინტერესებთ ჩვენი ტექნიკა, ოპერირება ამ საბრძოლო სისტემებით, ჩვენთვისაც გამოსადეგი იქნება მათი გამოცდილება ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების კუთხით“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ