უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს დაარსებიდან ორი წელი შეუსრულდა. იუბილე ეროვნულ სასწავლო ცენტრ ,,კრწანისის“ საწვრთნელ ბაზა „ალგეთის“ ტერიტორიაზე აღინიშნა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია და სარდლობის ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის მეუღლე და შვილები.
ომში დაღუპული გმირებისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგების შემდეგ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების დასასრულს პირად შემადგენლობას წამახალისებელი სიგელები გადაეცათ.