საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი რიჰო ტერასი იმყოფება. ესტონეთის დელეგაცია დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღეს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიას ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი და საპატიო ყარაული აფორმებდა.
უწყების ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები.
მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, სამხედრო განათლების საკითხები და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.
„ესტონეთის შეიარაღებული ძალები ჩვენი შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ინტენსიური და მჭიდრო კომუნიკაცია ემსახურება ჩვენი შეიარაღებული ძალების ეფექტიანობის ზრდას, ნატოსთან თავსებადობის მაქსიმალური ნიშნულის მიღწევას. ამავდროულად, ბუნებრივია, როდესაც მეგობარი ქვეყნის მთავარი სამხედრო გყავს ქვეყანაში სტუმრად, იქ სხვა პოლიტიკურ თემებზეც არის საუბარი. საქართველოს ყველაზე დიდი მხარდაჭერა ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან აქვს და გახშირებული ვიზიტები, როგორც ჩვენი, ისე მათი მხრიდან, სწორედ, ამ მეგობრობასა და პარტნიორობას ადასტურებს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ესტონეთის ჩართულობა დადებითად შეაფასა. გენერალური შტაბის უფროსმა ესტონურ მხარეს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე გაწეული მხარდაჭერისთვის და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის შემდეგ ესტონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის დელეგაცია ხვალ ეროვნულ სასწავლო ცენტრ ”კრწანისს”, დავით აღმაშენებლის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსსტც „დელტას“ ესტუმრება. ოფიციალური ვიზიტი 23 სექტემბერს დასრულდება.