ეროვნულმა სასწავლო ცენტრმა „კრწანისმა“ სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ მოხალისეებს უმასპინძლა. მოხალისეთა კლუბის წევრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე, ამ პროცესში საქართველოს შეიარაღებული ძალების როლსა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდაზე ესაუბრა. გენერალური შტაბის უფროსმა სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით გაგუამ კი მოხალისეებს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსების, ამოცანისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დღესვე ახალგაზრდებმა ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ სიმულაციური კლასებიც დაათვალიერეს.
კრწანისში ვიზიტი „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ინიციატივითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.