საქართველოს თავდაცვის მინისტრის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტი თადაცვის უსაფრთხოების საერთაშორისო გამოფენაში (DSEI 2015) მონაწილეობით გრძელდება. თინათინ ხიდაშელი გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობისა და ინვესტირების სამსახურის მიერ ორგანიზებული გამოფენის ფაგრლებში კომპანია AIRBUS-ისა და THALES-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მზად არიან უპასუხონ ქართული მხარის მოთხოვნებს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი გამოფენის ფარგლებში გამართული შეხვედრების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ემბარგოს რეჟიმი, პრაქტიკულად, არცერთ ქვეყანას აღარ აქვს.
„სამხედრო აღჭურვილობის გამოფენა საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ფრანგებთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დიდი იმედი გვაქვს, რომ ემბარგო დასრულდება და ბევრი ქვეყანა გასცემს საქართველოზე ლიცენზიას. კომპანიები, რომლებსაც ვესაუბრებოდით, რომლებთანაც შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცა, მნიშვნელოვანი საშუალებაა იმისათვის, რომ მივიღოთ პასუხები ევროპის ნატოს წევრი ქვეყნებისგან, ფრანგული ხელშეკრულება მხოლოდ ერთჯერადი ქმედებაა, თუ არის გაგრძელების შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინვესტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მან დაგვიდასტურა, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან არავითარ ემბარგოზე და პრობლემებზე საუბარი აღარ არის. ამიტომ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს ეტაპი საქართველოსთვის უკვე დასრულებულია და ჩვენ თავისუფალ რეჟიმში ვართ ყველა ქვეყანასთან“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს თანამშრომლობას დადებითად აფასებს და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე საუბრობს გამოფენის პრესოფიცერი ადამ თომასი.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენს გამოფენას ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაცია ესტუმრა. ეს ადასტურებს, რომ საქართველო ვიზიტის გარდა კომპანიებთან შეხვედრითაცაა დაინტერესებული. ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და ჩვენი შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო დაახლოვდებიან. მოგვეცა შესაძლებლობა, გავიგოთ, თუ რა საჭიროებები აქვს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რა მიმართულებით შეუძლია დახმარება გაერთიანებული სამეფოს და რა საშუალებები არსებობს, რომ ორივე ქვეყნის კომპანიებმა ითანამშრომლონ და საქართველოს საუკეთესო აღჭურვილობა მიაწოდონ“, - განაცხადა ადამ თომასმა.
DSEI წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვანი სამი სამხედრო მიმართულების - სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სამსახურების ერთობლივ გამოფენას და იძლევა შესაძლებლობას, ხაზი გაუსვას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორების მიღწევებს; მხარს უჭერს გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობასა და ინვესტირებას, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში წარმოებული ტექნოლოგიების ექსპორტს. აღნიშნული გამოფენა საშუალებას აძლევს კომპანიებს, წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები, ტექნიკა და მომსახურება, რომელსაც მხარს უჭერს გაერთიანებული სამეფო.