საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ ოფიციალურ შეხვედრებს ლონდონში აგრძელებს. თინათინ ხიდაშელი დღეს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს რეზერვის საკითხებში და თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანს ჯულიან ბრაზიერს შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული თავდაცვის სამინისტროებს შორის მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ბრიტანეთი აგრძელებს უღიარებლობის პოლიტიკას აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში. ბრიტანეთმა დიდი წვლილი შეიტანა უღიარებლობის პოლიტიკის წარმატებაში თანამეგობრობის სახელმწიფოებსა და სხვა ევროპულ და არა მხოლოდ ევროპულ სახელმწიფოებთან მუშაობით.
ბრიტანულმა მხარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მზად არის საქართველოს საექსპერტო დონეზე პრაქტიკული მხარდაჭერა აღმოუჩინოს სამხედრო რეზერვის კონცეფციის შექმნისა და დახვეწის გზაზე. როგორც ჯულიან ბრაზიერმა აღნიშნა, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო მზად არის, განიხილოს JTEC-ის სწავლებებში ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების ჩართვის საკითხი.
შეხვედრაზე ბრიტანულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას. ბრიტანეთი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. ბრიტანული მხარე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ყოველწლიურად გამოყოფს ადგილებს დიდ ბრიტანეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში მაღალი დონის სამხედრო სასწავლებლებში.