„ჩვენი მთავარი მიზანი ცხადზე უცხადესია, გვსურს დემოკრატიული, სტაბილური და მშვიდობიანი ქვეყნების ოჯახის წევრობა“, - საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ვილნიუსის საპარლამენტო ფორუმი დემოკრატიისთვის“ მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა.
„ჩვენს ევროპულ, დემოკრატიულ არჩევანს საფრთხეს არადემოკრატიული სახელმწიფო უქმნის. ამ გზაზე ჩვენი ქვეყნის მარტო დატოვება ყველაზე დიდი შეცდომა იქნება, რომელიც დამანგრეველ შედეგებს მხოლოდ საქართველოსთვის არ მოიტანს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. მისი თქმით, საქართველო არ არის იდეალური სახელმწიფო მაგრამ ისე, როგორც არასდროს, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები, სწორედ, დემოკრატიული მმართველობის პრინციპებით იმართება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვილნიუსის საპარლამენტო ფორუმი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პარლამენტის მოქმედ და ყოფილ წევრებს აერთიანებს. ორგანიზაციის მისიაა ინტენსიური და აქტიური მხარდაჭერა მსოფლიოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესის გაძლიერებისთვის. ორგანიზაციის წევრებს შორის მჭიდრო კავშირი უზრუნველყოფს, გაერთიანებული ძალებით მოხდეს იმ პრობლემების წარმოჩენა და მათზე რეაგირება, რომელთა წინაშეც კონკრეტული სახელმწიფოს ძალისხმევა არ იყო საკმარისი. ორგანიზაციის მმართველი ორგანოა მმართველი საბჭო, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების ცნობილ მოქმედ და ყოფილი წევრებს აერთიანებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ლიტვის პრეზიდენტს, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, ლიტვის სეიმის თავმჯდომარეს. თინათინ ხიდაშელმა ლიტვის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან საქართველო-ნატოს თანამშრომლობის გზაზე მაქსიმალური მხარდაჭერის დაპირება მიიღო. ლიტვის რესპუბლიკა მზად არის გაზარდოს ჩართულობა საქართველოსთან, როგორც ორმხრივ, ისე, მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გზაზე. „ვილნიუსი“ მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და ყველა პოლიტიკური საშუალებით ცდილობს, ლობირება გაუწიოს საქართველოს ინტერესებს ევროკავშირსა და ნატოში.
ფორუმზე სიტყვის გამოსვლის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ლონდონში გააგრძელებს.