გერმანიისთვის ნატო-ში გაწევრიანება პრობლემა არ ყოფილა, როცა ისიც საქართველოს მსგავსად გაყოფილი იყო, - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ლიტვის თავდაცვის მინისტრის იუზას ოლეკასის მთავარი გზავნილი იყო ქართველ კოლეგასთან, თინათინ ხიდაშელთან შეხვედრაზე.
თინათინ ხიდაშელი ლიტველ კოლეგას იუზას ოლეკას დღეს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. საქართველოს თავდაცვის უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლიტველ კოლეგას, ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთში, ლატვიასა და ესტონეთში გამართული შეხვედრების შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა. თინათინ ხიდაშელმა კოლეგასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვიზიტის მთავარ მიზანი 2016 წლის ვარშავის სამიტის წინ საქართველოსთვის ერთიანი, ევროპული მხარდაჭერის მოპოვება და გაძლიერებაა.
"მნიშვნელოვანია, საქართველოს მეგობარმა სახელმწიფოებმა ზუსტად იცოდნენ, რას ვითხოვთ 2016 წლის "ვარშავის სამიტიდან" - ეს არის ხელშესახები შედეგი, რომელიც ადეკვატური პასუხი იქნება საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს ყველაზე სანდო და გამორჩეული პარტნიორისთვის", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
ლიტვის თავდაცვის მინისტრმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ლიტვა იყო, არის და რჩება საქართველოს ერთგულ მოკავშირედ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ლიტვა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში და მუდმივად გამოხატავს მზადყოფნას, გაუზიაროს საქართველოს საკუთარი გამოცდილება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა იუზას ოლეკასმა.