საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლონეთისა და ლატვიის შემდეგ მაღალი დონის შეხვედრებს ესტონეთში აგრძელებს. ესტონელმა კოლეგამ თინათინ ხიდაშელს დღეს დილით უმასპინძლა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე სვენ მიქსერმა ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ესტონეთის თავდაცვის პირველმა პირმა ქართველ კოლეგასთან ასევე განაცხადა, რომ ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზაზე ესტონეთი თანამშრომლობისთვის მზადაა.
ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის უკვე ახორციელებს საგანმანათლებლო მხარდაჭერის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები „ბალტიის თავდაცვის კოლეჯში“ (ტარტუ) გაერთიანებულ საშტაბო-სამეთაურო და უმაღლეს სამეთაურო სასწავლო კურსებს ესწრებიან. ამ ეტაპზე საქართველოს უკვე 27 კურსდამთავრებული ჰყავს. თავის მხრივ, ქართული მხარე და კონკრეტულად თავდაცვის სამინისტრო, ესტონელი სამხედროებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ადგილების გამოყოფას უზრუნველყოფს.
„ჩვენი განსაკუთრებული სურვილია, რომ ჩვენმა მეგობრებმა საქართველოს შესახებ, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ისაუბრონ იმ ფორმატებში, სადაც ჩვენ წარმოდგენილი არ ვართ. ამ მხრივ შეგვიძლია ესტონეთის მხარდაჭერისა და მათი ინიციატივების სრული იმედი გვქონდეს, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ლოგიკურ დასასრულამდე - წევრობამდე მიიყვანს“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
შეხვედრაზე ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებაში ესტონეთის მიერ გაწეული დახმარების შესახებ იმსჯელეს და სამომავალო თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს. როგორც ცნობილია, კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა და ამავე სფეროს შესაძლებლობების განვითარება არსებითი პაკეტის (SNGP) პრიორიტეტული მიმართულებაა. ესტონეთმა კიბერუსაფრთხოებისა და კიბერთავდაცვის საკითხებში ექსპერტი მოავლინა, რომელიც სწორედ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიიღებს მონაწილეობას.
„საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობების გაზრდა და ნატოსთან თავსებადობა ჩვენი პრიორიტეტია. ამ პროცესში ესტონეთი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ჩემმა ესტონელმა კოლეგამ დამიდასტურა მზადყოფნა, რომ ორმხრივი ურთიერთობები ახალ და კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ. ჩვენი მხრიდან ესტონელი სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო წვრთნაში - “Agile Spirit-2016” მოვიწვიეთ. მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ესტონელი კოლეგები ვარშავის 2016 წლის სამიტამდე საქართველოსთვის ერთიანი, კონსოლიდირებული ევროპული მხარდაჭერის მოპოვება-გაძლიერების პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ესტონეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა გვირგვინით შეამკეს 1918 – 20 წლებში ესტონეთის დამოუკიდებლობებისთვის დაღუპულთა გმირთა მემორიალი.