საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის საკითხებსა და რეგიონული კონფლიქტების ოფისის დირექტორი იმყოფება. დღეს ნატაშა ფრანცეში საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ მიიღო.
უწყების ცნობით, შეხვედრის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ. ნატაშა ფრანცეშის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსთვის დემოკრატიული განვითარებისა და სახელმწიფო სტრუქტურების დახვეწის კარგი საშუალება იქნება.
საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის მინისტრის აგვისტოში აშშ-ში განხორციელებულ ვიზიტს. ნატაშა ფრანცეშმა აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი აშშ-ში საკმაოდ წარმატებული იყო და თავდაცვის მდივანთან ეშტონ კარტერთან შეხვედრა აშშ-საქართველოს მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებისა და უკრაინის კრიზისის განხილვა იყო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მხრიდან საქართველოში განხორციელებული მცოცავი ოკუპაცია.
შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზეც გაამახვილეს ყურადღება. განსაკუთრებით აღინიშნა აშშ-ის დახმარების მნიშვნელობა სამხედრო განათლებისა და წვრთნების მიმართულებით, ასევე დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის კუთხით.