საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სამუშაო ვიზიტით ევროპის ქვეყნებში გაემგზავრა. თინათინ ხიდაშელი შეხვედრებს პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში კოლეგებთან გამართავს. ვიზიტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მაღალი დონის შეხვედრებით დასრულდება.
თავდაცვის მინისტრის ვიზიტის მიზანს ნატოს 2016 წლის „ვარშავის სამიტზე“ ერთიანი ევროპული მხარდაჭერის მოპოვება და გაძლიერება წარმოადგენს. თინათინ ხიდაშელი კოლეგებთან ორმხრივი თანამშრომლობისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საკითხებსაც განიხილავს.
„ყველგან შეხვედრები უმაღლეს დონეზეა დაგეგმილია. გარდა ამისა, იქნება რამდენიმე საჯარო გამოსვლა. თემები ნათელი და გასაგებია - ვისაუბრებთ ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში უფრო მეტი ინტენსიურობით განსახორციელებელ ღონისძიებებზე, ასევე ნატოს სამიტის კონტექსტში ჩვენი შესაძლებლობებისა და მხარდამჭერების გამრავლებაზე,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა გამგზავრების წინ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის საჯარო გამოსვლები, მათ შორის პოლონეთის რესპუბლიკაში კრინიცას 25-ე ეკონომიკურ ფორუმზე.