ვაზიანში, IV მექანიზირებულ ბრიგადას, ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაცია ესტუმრა. უცხოელ სტუმრებს ბრიგადაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ უმასპინძლა.
დელეგაციის წევრებმა IV მექანიზირებული ბრიგადის ხელმძღვანელობისგან ქვედანაყოფის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ჩეხმა სტუმრებმა ვირტუალური სიმულაციური სწავლების ცენტრი მოინახულეს და სამხედროების მომზადების პროცესს დააკვირდნენ. მათ IV მექანიზირებული ბრიგადის შეიარაღებაც დაათვალიერეს.
„დელეგაციის წევრებს ძალიან მოეწონათ IV მექანიზირებული ბრიგადის ინფრასტრუქტურა და საწვრთნელი შესაძლებლობები. ჩვენი ჩეხი მეგობრები აფასებენ იმ წვლილს, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეაქვს. მათ განსაკუთრებით აღნიშნეს IV მექანიზირებული ბრიგადა, რომელიც ამ კუთხით გამორჩეულია. დღესაც ამ ბრიგადის ერთი ბატალიონი თავის ამოცანებს ავღანეთში ასრულებს,“ - განაცხადა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.
მოგვიანებით, სტუმრებმა ალექსეევკის შერეულ საავიაციო ბრიგადაში გადაინაცვლეს და ქართული ავიაციის შესაძლებლობებს გაეცნენ.