ENG / RUS       12+

უკრაინის პრემიერ - მინისტრი მიხ(ა)ილ სააკაშვილი!

ჟღერს? რატომაც არა.

უკვე რამდენიმე თვეა უკრაინელები პირდაღებულნი შესცქერიან  ჩვენს მიშას, მის ბობოქარ ენერგიასა და მძვინვარე „ფი-არ“ სტილს. ეს  ჩვენთვისაა ჩვეული და ნაცნობი, თორემ უკრაინელები სააკაშვილს მანამდე მხოლოდ რუსული ტელეარხებით იცნობდნენ. პირველ ყოვლისა, ჰალსტუხის კომიკურად ღეჭვის კადრებით.

რუსული მედია არ ამჟღავნებდა, ყველანაირად ჩქმალავდა მის იმ თვისებებს, რომელიც „ხალხს მოსწონს“. მოსწონდა საქართველოში, მოსწონს უკრაინაშიც!

„ხალხს მოსწონს“, როდესაც ხელისუფალი დროგის ცხენივით, დამდუღრული დაქრის და დილა-საღამოს სხვადასხვა სკანდალურ ამბებზე იწვევს ჟურნალისტებს, ხშირად ატარებს საინტერესო (!) პრეს-კონფერენციებს, „ახურავს“ ოლიგარქებს (ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მდიდრებს), იჭერს ჩინოსნებს პირდაპირ ეთერში, არ ერიდება კონფრონტაციულ განცხადებებს, მუდამ კონფლიქტშია, მუდამ ბრძოლაშია, ყოველ დღე რაღაც სიახლეს სთავაზობს ადამიანებს. არა აქვს მნიშვნელობა, რა სიახლეა, რამდენად რეალურია, ბოლოს და ბოლოს რამდენად სასარგებლოა ან რა ფასი დაჯდება. მთავარია, რომ სიახლეა, განსახვავებულია, უჩვეულოა, საინტერესოა (!).  მისი ყოველი გამოჩენა ეკრანზე, პირდაპირი ჩართვის დროს, ადრენალინის მომგვრელია.

ამით დადასტურდა, რომ ის, რაც მოსწონდათ ქართველებს და რითაც მოიპოვა ქარიზმა საქართველოში „ვარდების რევოლიციის“ დროს თუ რევოლუციის შემდეგ, ასევე მოსწონთ უკრაინელებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, რუსებსაც, რადგან საქართველოში კიდევ შეიძლებოდა ამ სტილის დაფარვა რუსი ტელემაყურებლისაგან, ოდესაში  ვერ ხერხდება, რადგან ოდესა, ფაქტიურად, რუსული ქალაქია. უფრო ზუსტად, რუსულ-ებრაული. უდიდესი ტრადიციებით, რაც რუსულ კულტურას უკავშირდება; რუსული (აქედან გამომდინარე ქართული) სლენგიც თითქმის მთლიანად ოდესაში წარმოიშვა და ებრაული ივრითიდან ამოიზარდა. მიშას იდეა-ფიქსიც (რუსეთში რევოლუციის მოწყობა) იქედან უფრო მოსახერხებელია განსახორციელებლად. ამიტომაც დანიშნა მარია გაიდარი მოადგილედ.

პრეზიდენტ პოროშენკოს და მის მრჩევლებს თავდაპირველად ალბათ ეგონათ, როცა არ დასჭირდებოდათ, იოლად მოიშორებდნენ. მაგრამ ნურას უკაცრავად:  მიშა იწყებს ყველა იმ თვისების გამომჟღავნებას, რისი წყალობითაც საქართველოში მოექცა რევოლუციის სათავეში. არც უკრაინაში იტყვის ამაზე უარს. ზუსტად იმ ტექნოლოგიებით და მეთოდებით, როგორც საქართველოში. თუ დასჭირდება და მოუხერხდება, მეგობარ პოროშენკოსაც დაამხობს თავზე იმ საპრეზიდენტო სასახლეს, რადგან წარმოუდგენელია ებრძოდე ოლიგარქებს და საბოლოოდ არ მიადგე თვით პოროშენკოს, რომელიც ყველაზე მდიდარი უკრაინელი ბიზნესმენი, ესე იგი, კლასიკური გაგებით, უმსხვილესი ოლიგარქია.

ოღონდ აქამდე ჯერ შორსაა. უკრაინული ელიტა ჯერ-ჯერობით სხვა მეთოდებით ცდილობს სააკაშვილის მოთვინიერებას და ის, რაც ორიოდე თვის წინ წარმოუდგენელი ჩანდა, ამჟამად  რეალურია: პრეზიდენტის საიტზე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის მოთხოვნით. დარწმუნებით შეიძლება ითქვას: მასათა ენთუზიაზმი ყოველგვარ რეკორდს მოხსნის, რადგან (ვიმეორებ) ხალხს უყვარს თავზეხელაღებული ანტი-ელიტარი, რომელიც, ამავდროულად, იმავე ელიტური წრიდანაა გამოსული და „სვეცკაობაც“ არ ეშლება.

მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან „შარიკოვებს“ რა დალევს უკრაინაში, ისევე როგორც რუსეთში? ეს ხომ ერთი მენტალური სამყაროა! მაგრამ მათ არა აქვთ შანსი, ასეთივე მხარდაჭერა მოიპოვონ, რადგან „ჩვეულებრივნი“ არიან.  მიშა კი „არაჩვეულებრივად“ აღიქმება.

ყველაზე კომიკური მაინც მმართველი ელიტის მცდელობაა, იგი ჩარჩოში მოაქციოს: გუბერნატორად დანიშნეს, მაგრამ ყველა რეალური ფინანსურ-ეკონომიკური ბერკეტი ჩამოართვეს იმ იმედით, რომ რაკი ოდესის პორტიდან შემოსავლის დაპირებულ წილს ვერ მიიღებდა, ბედს (დაპირებების შეუსრულებლობას) შეურიგდებოდა და ჩვეულებრივ ჭრელა-ჭრულში გამოწყობილ ჯამბაზად იქცეოდა - ფუჭი, აღუსრულებელი დაპირებებით.

ისევ და ისევ, ნურას უკაცრავად: პრემიერ-მინისტრ იაცენიუკს კი არა, თვით პრეზიდენტსაც აღარ ერიდება: „ბოლოს და ბოლოს ეს არის პრეზიდენტი თუ პოროშენკოო“ - პირდაპირ ეთერში თქვა, როდესაც მის მიერ ათვალწუნებული რომელიღაც ჩინოვნიკი კი მოხსნეს, თუმცა არანაკლებ „გემრიელ“ თანამდებობაზე გადაიყვანეს.

პოროშენკო დღეს კი ხვდება, რა შარში გაეხვა, მაგრამ გვიანაა: ახლა ან დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას, სანამ მეტისმეტად გაძლიერდება, ან მიშას „შემოჩვევის“ და მისი მტრად არგადაკიდების  მხოლოდ ერთი ტექნოლოგია არსეობს: თუ დააწინაურებს და პრემიერ-მინისტრად დანიშნავს!

აქვე უნდა ითქვას, რომ ეს უკრაინის ერთადერთი შანსია: ამ ქვეყანაში თუ რადიკალური რეფორმები არ გატარდა, უკრაინას მომავალი საერთოდ არა აქვს! და მხოლოდ მიშას შეუძლია „შეფუთოს“ ლიბერტარიანული  რეფორმები, ანუ დიდი პრივატიზება, ფასების ზრდა, სოციალური დახმარებების გაუქმება ისე, რომ ხალხის თვალში ეს ყოველივე „კორუფციისა და ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლად“ აღიქმებოდეს, ანუ გამოიყენოს იგივე „ნარკოზი“ - ხალხისთვის მტკივნეული ცვლილებების დროს, - როგორც საქართველოში: რეფორმებით გამოწვეული  ტკივილი საბრალო, ღარიბ-ღატაკ  უკრაინულ მასებს იმით დაუამოს, რომ საძულველი მილიარდერები (ბოლოს ალბათ თვით პოროშენკო) გააძევოს ან დააპატიმროს პირდაპირ ეთერში, როგორც საქართველოში აკეთებდა ამას.

ჩვენთვის კი, ყველაზე საინტერესო და სახალისო ისაა, „ოცნების  მთავრობა“ როგორ მოიქცევა, თუკი მიშა უკრაინის პრემიერ-მინისტრი გახდა? წარმოიდგინეთ, აუცილებელია ვიზიტი, მოლაპარაკება სამთავრობო დონეზე და ასე შემდეგ. უარს იტყვიან კონტაქტებზე? თუ ჰგონიათ, მიშას იმის „ნაგლობა“ არ ეყოფა, საქართველოში ჩამოვიდეს, ან თვითონ მოითხოვოს კიევში მოლაპარაკება ნებისმიერ თემაზე?!

 რუსეთზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ერთადერთი, რამაც შეილება შეაყოვნოს მიშას პრემიერ-მინისტრობა, იქნება გერმანიის თხოვნა პოროშენკოსადმი: „ხომ არ გაგიჟებულხარ, პუტინს ეგ უნდა კიდევ - ატომურ ბომბს გესვრითო“.

მოგვწონს იგი  თუ არა, გვიყვარს თუ არა, ეს ადამიანი მართლა ფენომენია და საკმაოდ სერიოზული საერთაშორისო მოთამაშეც, რომელიც არ მოისვენებს (ვერ მოისვენებს) სანამ მისი დამარცხება ან გამარჯვება სრული და აბსოლუტური არ გახდება.

უკრაინა, სინამდვილეში, სულ „კიდია“ - საკუთარ რეფორმისტულ  რენომესთან და საქართველოში დაბრუნების შანსებთან შედარებით.  პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი არ ჩქარობს მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას, თუმცა საამისოდ  სრული იურიდიული საფუძველი აქვს.

 პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს რომ ჰკითხეს, „ამაზე არაფერი ვიციო“ - უპასუხა. ეს არ იცის, მაგრამ იმას კი ნამდვილად ხვდება, რომ ექნება თუ არა სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა, მის მიერ დაგეგმილი „ვარდების რევოლუცია-ორისათვის“ ამას  არავითარი მნიშვნელობა არა აქვს!

ჯი-ეიჩ-ენი“,  გელა კალანდაძე

ავტორი: . .