ამერიკელი გენერლის ფრაზა, რომ ჩვენ უნდა გამოვცადოთ, რამდენად სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას აგრესიის შემთხვევაში, ძალიან მრავლისმთქმელი იყო, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებთან ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის არმიის სარდლის ბენ ჰოტჯესის გამოსვლას სასტუმრო "რუმს ოტელში" მიმდინარე კონფერენციაზე.
თინა ხიდაშელის განცხადებით, ამერიკელ გენერალტან შეხვედრა დღეს დილით გამართა, სადაც 2016 წლისთვის დაგეგმილი ქართულ-ამერიკული სწავლების საკითხები განიხილეს.
,,ძალიან საინტერესო იყო გენერალ ჰოდჯესის გამოსვლა, მან ძალიან საინტერესო აქცენტები გააკეთა, პირველ რიგში, როდესაც საუბრობდა რუსეთის პროვოცირების შესახებ მსოფლიოში დღეს მოარულ არგუმენტებზე. მან ძალიან ნათლად, სამხედროებისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით, თქვა, რომ რუსეთს პროვოცირება არ სჭირდება, ის ოცი წელია, აგრესიით არის დაკავებული. ვფიქრობ, როდესაც ამერიკელი გენერლისგან ასეთ ფრაზებს ისმენ, ეს ძალიან ბევრი რამის მთქმელი და მანიშნებელია. ამავე დროს, როდესაც ის საუბრობდა საქართველოში მომავალ წელს დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ სწავლებებზე, ბევრი საინტერესო ნიუანსი იყო. ჩვენ დილით გვქონდა შეხვედრა და ვილაპარაკეთ დეტალებზე. არ ველოდი, რომ ის აქაც გაიმეორებდა იმას, რაც ჩვენთან შეხვედრაზე თქვა. კერძოდ, ერთ-ერთი ამოცანა ამ ტრენინგის იქნება ის, რომ ვნახოთ, რამდენად სწრაფად ჩამოვლენ ამერიკული სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები საქართველოს მიწაზე, გამომგზავრების ადგილიდან", - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, 2016 წელს ისევე როგორც 2015-ში, ამერიკელი სამხედროებისა და ტექნიკის გამომგზავრება მოხდება შავი ზღვით, ბულგარეთიდან.