თავდაცვის სამინისტრო ოთხ წამყვან თანამდებობაზე ვაკანსიას აცხადებს.როგორც უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ვაკანსია გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე: საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის ჰოსპიტალის დირექტორი, ამავე ჰოსპიტალის მოადგილე ეკონომიკის დარგში და პროტოკოლის სამსახურის უფროსი.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ განაცხადა, რომ უწყებას სურს გამჭვირვალობისა და სამართლიანობის ხარისხი აამაღლოს.
„გვინდა, ახალი შტატების მიღებით, თავდაცვის სამინისტროში გამჭვირვალობის, სამართლიანობის ხარისხი ავამაღლოთ. სამინისტროს მოტივაცია არის, რომ გავზარდოთ ხელმისაწვდომობა იმ ვაკანსიებზე, რომლებიც არის დღეს სამინისტროში. გვინდა, მივცეთ გარანტია საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომ პროცესი კონკურსებში მონაწილეობის მიღების, იქნება სამართლიანი. ვინაიდან, სამინისტრო თავად არის დაინტერესებული უკეთესი ადამიანური ძალის მოზიდვისა. გარდა ამისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველოს მოსახლეობის ახალგაზრდა ლიდერების თანამონაწილეობა საქართველოს თავდაცვითუნარიანობის გაზრდაში და შესაბამისად, ხელი გავუწოდოთ მათ და მივცეთ გარანტია, რომ ჩვენი კარი ღიაა კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.
დეტალური ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროში გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ განთავსებულია ვებგვერდზე hr.gov.ge-ზე. განცხადებების მიღება იწარმოებს 14 სექტემბრამდე და როგორც მინისტრის მოადგილემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, უახლოეს მომავალში, თავდაცვის სამინისტრო კიდევ მრავალ პოზიციაზე გეგმავს ვაკანსიის გამოცხადებას. მათ შორის, ანა დოლიძის განცხადებით, ბევრი ვაკანსია იქნება სამხედრო პოლიციაში.