ჯარში სუიციდის შემთხვევების უდიდესი ნაწილი აზარტული თამაშებიდან გამოწვეული ვალების გამო ხდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა. მისი თქმით, აზარტულ თამაშებში ჩართული სამხედრო პირები სამუდამოდ გათავისუფლდებიან სამხედრო სამსახურიდან.
,,რამდენიმე დღის წინ, ჯარისკაცმა თვითმკველელობით დაასრულა სიცოცხლე. ჯარში არის რამდენიმე ასეთი შემთხვევა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია და სტატისტიკა ადასტურებს, რომ ეს გამოწვეულია იმის გამო, რომ ამ ადამიანებს აქვთ ვალები. მათ შორის, აზარტული თამაშებით არიან დაკავებული და ამის გამო სიცოცხლეს ამთავრებენ თვითმკვლელობით. ჩვენ მაქსიმალურად გავატარებთ პრევენციულ ღონისძიებებს იმისთვის, რომ ან საერთოდ აღარ იყოს ასეთი შემთხვევები, ან მაქსიმალური მინიმალიზაცია მოხდეს. თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ამ მიმართულებით პოლიტიკა გამკაცრდება, ნებისმიერი პირი, რომელიც მუშაობს თავდაცვის სამინისტროში და არის სამხედრო თუ სამოქალაქო პირი, რომელიც შემჩნეული იქნება და დაუდასტურდება, რომ არის აზარტული თამაშებით დაკავებული, პირველივე შემთხვევაში გათავისუფლდება სამხედრო სამსახურიდან და უკან ვეღარ აღდგება. ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო ამ გადაწყვეტილებებში", - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, სამხედრო სამსახურიდან ასევე გათავისუფლდებიან ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირები და ისინი, ვინც სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სიმთვრალეზე იქნებიან შემჩნეულები.