რუსული ვერტმფრენების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი შს სამინისტროსგან საბოლოო ინფორმაციის მიღებამდე აცხადებს, რომ არ აქვს მოლოდინი, რუსეთმა მსგავსი პროვოკაციები შეწყვიტოს. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, ხიდაშელის თქმით, ინფორმაციას შსს სამინისტროსგან ელოდება.
"მე დაველოდები შს სამინისტროსგან საბოლოო ინფორმაციას. მე რა თქმა უნდა, არ შემიძლია ახლა, ამ წუთას დაგიდასტუროთ ეს ინფორმაცია, რადგან აქ ვიმყოფებოდით. მიუხედავად იმისა, ფიზიკურად სად ვართ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, სრულად ვიღებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაველოდები შს სამინისტროსგან საბოლოო ინფორმაციას. ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ჩვენ გასულ კვირასაც ვნახეთ ასეთი შემთხვევა, როდესაც გორში შემოფრინდა მათი საფრენი აპარატი და სხვა ბევრი მსგავსი ქმედებებიც გვახსოვს", - განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან და დასძინა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა არ მოხდეს საქართველოს გაჩერება ისე, როგორც ეს მოხდა 2008 წელს.
„ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, დაახლოებით, 13:40 საათზე, რუსეთის ფედერაციის ორი საბრძოლო ვერტმფრენი საქართველოს კონტოლირებად სივრცეში შემოფრინდა.
ვერტმფრენები შემოფრინდნენ კონფლიქტის ზონიდან. კერძოდ, კარალაეთის მიმდებარე ტერიტორიიდან, ავტობანთან დატრიალდნენ უკან და მეჯვრისხევის მიმართულებიდან დატოვეს საქართველოს ტერიტორია.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსული ვერტმფრენების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოფრენის ფაქტს არ ადასტურებს. "ჩვენ არ ვადასტურებთ რუსული ვერტმფრენების მიერ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოფრენის ფაქტს", - აღნიშნეს უწყებაში.
ამავე დროს, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი ფაქტი და შეიძლება არც ბოლო იყოს. თუმცა კაპანაძის თქმით, საქართველოს აქვს თავისი გზა და თავისი გეგმები. მათ შორის ნატოსთან მიმართებაში, რომელსაც აუცილებლად გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ნატოს გენერალური მდივანი იანს სტოლტენბერგი. 2015 წლის ივლისში საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს ვიზიტის დროს, რუსეთმა ასევე დაარღია საქართველოს საჰაერო სივრცე.