ჩვენ ვიცავთ თავისუფალი, დამოკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კრწანისში, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ნატო-ს გენერალურ მდივანს და მთელს დელეგაციას იმისთვის, რომ დღეს ჩვენთან ერთად არიან და იზიარებენ ჩვენს წარმატებას. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და იმ დელეგაციას, რომელმაც ერთი წლის წინ უელსიდან ნატო-საქართველოს ურთიერთობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პაკეტი წამოიღო, მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო, იმიტომ რომ თქვენი სისხლის და თქვენი ოფლის ფასად მოიტანეთ ეს დღე. დღეს თქვენთან ერთად ამაყად დგანან ის გმირები, ვინც ბრძოლის ველზე დაეცნენ, დღეს თქვენთან ერთად ამაყად დგანან ჩვენი ქვეყნის ის მომავალი ჯარისკაცებიც, რომლებიც ჩვენს ოჯახებში იზრდებიან. დღეს ჩვენც ამაყად ვდგავართ აქ, საქართველოს მიწაზე, რადგან ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, ვაძლიერებთ იმ ღირებულებების დაცვას, რისთვისაც ყოველთვის ვიბრძოდით ჩვენი, როგორც თავისუფალი, დამოკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას და ჩვენ ვიცავთ ამ ღირებულებებს არა მარტო ჩვენს მიწა-წყალზე, არამედ გლობალური მასშტაბით.
ჩვენი ახალი სასწავლო ცენტრი კიდევ უფრო დახვეწს თქვენს უნარებს, რომლებსაც თქვენ გამოიყენებთ მხოლოდ ერთი მიზნისთვის, დაიცვათ თავისუფლება და ის ღირებულებები, რის ირგვლივაც ჩვენ ვართ გაერთიანებულნი. დიდი სიამაყით ვდგევართ დღეს აქ, იმიტომ რომ იმაზე მეტი სიამაყე არ შეიძლება ჰქონდეს ქართველ კაცს, ვიდრე იარაღით ხელში იცავდეს თავისი და თავისი საზოგადოების მშვიდ ძილს. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ამისთვის", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ ჯარისკაცებს.