უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციასა და ვარშავის 2016 წლის ნატოს სამიტისთვის მზადების პროცესზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის სტუმრობისას. თინათინ ხიდაშელმა და იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტური და დროული განხორციელება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რადგან ის ეხმარება საქართველოს ნატოს წევრობისთვის მოემზადოს. თინათინ ხიდაშელის თქმით, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა დღეს კრწანისში ხაზს უსვამს არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ინსტიტუციონალური რეფორმების წარმატებით განხორციელებას განაგრძობს.
შეხვედრის მთავარ თემას 2016 წლის ვარშავის სამიტისთვის მზადება წარმოადგენდა. აღინიშნა, რომ ალიანსი და საქართველო აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას ყველა არსებული მექანიზმის ეფექტურად გამოყენებით, სამიტზე სასურველი შედეგების მისაღწევად.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრი და ნატოს გენერალური მდივანი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს ოფიციალურად გახსნიან. იენს სტოლტენბერგი საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ასეულსაც შეხვდება, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა.
შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე მაისურაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ალიანსის მხრიდან შეხვედრაზე ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი და სხვა მაღალჩინოსნებიც იმყოფებოდნენ.