17-21 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა შეხვედრები გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, „თეთრ სახლსა“ და პენტაგონში. მინისტრი შეხვდა გავლენიანი კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და საექსპერტო საზოგადოებას. თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას აქტიურად აშუქებდა უცხოური მედია. თინათინ ხიდაშელი სიტყვით გამოვიდა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში და აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.
აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება
სახელმწიფო დეპარტამენტში (ვიქტორია ნულანდი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე და პუნეტ ტალვარი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში) გამართულ შეხვედრებზე საუბარი აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ ფაზაში აყვანას შეეხო. მხარეებმა საქართველოსთვის ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ „ევროპელი პარტნიორების დარწმუნების ინიციატივის“ ფარგლებში დამტკიცებული 20-მილიონიან დახმარებაზეც ისაუბრეს. კონკრეტული მიმართულებები, თუ რაში დაიხარჯება უკვე დამტკიცებული დახმარება უახლოეს პერიოდში დადგინდება. ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ თინათინ ხიდაშელმა „თეთრ სახლში“, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის მოადგილესთან, ევრილ ჰეინსთან შეხვედრაზეც ისაუბრა.
„ვისაუბრეთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებებზე. ურთიერთობების გაღრმავებისთვის თეთრი სახლის მხარდაჭერის შესახებ, მიმდინარე პროექტებზე, შესაძლებლობებზე, რომელიც 2016 წლიდან მეტად გაფართოვდება. სწორედ, ასეთი შეხვედრებითა და ურთიერთობებით ყალიბდება ის პოლიტიკა, რომელიც შემდეგ ორი ქვეყნის ურთიერთობებს წარმართავს. ახლა ერთ-ერთი საუკეთესო დროა იმისთვის, რომ მომავალზე ვისაუბროთ და პროექტები დავგეგმოთ“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრები ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში შეხვდნენ აშშ-ის შეიარაღებული ძალების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც უშუალოდ კურირებენ დაჭრილი და დაზარალებული სამხედროების მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესს. აღნიშნული მიმართულება საქართველოს თავდაცვის მინისტრის პრიორიტეტთა ნუსხაშია. სამინისტროში შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის პროცესს. ამ მხრივ, აშშ, როგორც უდიდესი გამოცდილების მქონე ქვეყანა, მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის. საყურადღებოა, რომ ამერიკულმა მხარემ მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა დელეგაციის წევრებს. მათი ინიციატივით უკვე დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები კონკრეტული პროექტების რეალიზაციის მიზნით.
თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში
ამერიკის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა საქართველოს, როგორც ნომერ მეორე კონტრიბუტორ ქვეყანას, ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე სახელმწიფოს. პენტაგონში გამართულ შეხვედრაზე, რეგიონული უსაფრთხოებისა და ამერიკა-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკის თავდაცვის მდივანთან საუბრისას შეერთებული შტატების მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ გაწეული დახმარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ეშტონ კარტერმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს აშშ-ის მიერ საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა დაუდასტურა, რაც ორმხრივი და მრავალმხრივი სწავლებებისა და წვრთნების ორგანიზებას გულისხმობს. თავდაცვის მდივანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ნატო-საქართველოს კომისიისა და 2014 წლის უელსის სამიტზე მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში.
საგულისხმოა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრიდან ორ დღეში ეშტონ კარტერის მიერ გაკეთებული განცხადება: „ჩვენ ვმუშაობთ ნატოსთან... რათა მეტად ორიენტირებული იყოს შეკავების პოლიტიკაზე აღმოსავლეთ საზღვართან და გააძლიეროს რუსეთის მოსაზღვრე ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნები“.
ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი
მინისტრმა შეხვედრებზე მიმდინარე წლის აგვისტოში, ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის დაფუძნების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ცენტრი სასწავლო დანიშნულების იქნება. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს მსგავსი პროექტების მნიშვნელობა. ამ და მსგავს პროექტებს სიკეთე მოაქვთ არა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, მთელი რეგიონისთვის. გარდა ამისა, საქართველო შეიძენს უსაფრთხოების მიმწოდებელი სახელმწიფოს სტატუსს და აღარ იქნება მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი ქვეყანა. აღნიშნული სასწავლო ცენტრი კვალიფიკაციის მხრივ გაუთანაბრდება ნატოს სასწავლო ცენტრებს, როგორიცაა მაგალითად გერმანიაში, სადაც ქართველი მებრძოლები ავღანეთში გამგზავრებამდე ემზადებიან.
საქართველოსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ერთმანეთი სჭირდებათ
აშშ-ში ვიზიტის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ნატოს, საქართველოს ალიანში საბოლოო გაწევრიანების მიმართულებით არსებითი გადაწყვეტილება მიიღოს. თინათინ ხიდაშელმა კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მხრიდან ყოყმანი საქართველოსთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებაზე კიდევ ერთხელ უბიძგებს რუსეთს შემდგომი სამხედრო აგრესიისკენ. „ნატოს გაფართოების შესახებ მტკიცე გადაწყვეტილება ერთადერთი შემაკავებელი ნაბიჯია რუსეთისთვის“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა ვიზიტისას ერთ-ერთ უცხოურ გაზეთთან ინტერვიუში.
„ვაშინგტონში ბევრი ადამიანი ფიქრობს რათა „ვარშავის სამიტი“ იყოს წარმატებული, როგორც ნატოს წევრების, ისე პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობისთვის. პოზიტიური დინამიკა სახეზეა, მაგრამ ჩვენ ორმხრივად უნდა შევთანხმდეთ იმ ენაზე, რომელიც გამოყენებული იქნება დეკლარაციისთვის“, - აღნიშნავს თინათინ ხიდაშელი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, 2016 წელს, ნატოს, „ვარშავის სამიტზე“ შესაძლოა ჰქონდეს ორი შედეგი: ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი უარს ამბობს გაფართოებაზე ან - აგზავნის მკაფიო გზავნილს იმის შესახებ, რომ მისთვის პარტნიორი ქვეყნები ისეთივე ღირებულია, როგორც წევრი სახელმწიფოები. თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატოს „ვარშავის სამიტზე“ დასავლეთის ერთსულოვანი მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება. მინისტრის თქმით, არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, პოლიტიკური რეალიები ცალსახად ადასტურებს, რომ საქართველოსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ერთმანეთი სჭირდებათ.
„ნატოს მოუწევს დაამტკიცოს საკუთარი სიძლიერე და გამბედაობა“
„საქართველოსთან დაკავშირებით ნატოს მოუწევს მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც დაამტკიცებს საკუთარ სიძლიერესა და გამბედაობას“, - ამის შესახებ თინათინ ხიდაშელმა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში საჯარო გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის მიზანია, შექმნას ატმოსფერო, რომელიც შეამცირებს ოპტიმიზმს და გაზრდის სკეპტიციზმს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ყველაზე დიდი პრობლემა მათთვის ხალხის ენთუზიაზმია. საქართველოში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უკრაინის კრიზისს ყურადღებით ადევნებენ თვალყურს, რათა მასზე რეაგირების მიხედვით განსაზღვრონ მომავალი ქმედებები. მინისტრ ხიდაშელის თქმით, თუ ნატო ვერ შეძლებს ხელშესახები შედეგი აჩვენოს საქართველოს წევრობის გზაზე მომავალი წლის ვარშავის სამიტზე, ეს იქნება ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ ყველა ის დაპირება, რომელიც ალიანსმა გასცა, მხოლოდ ქაღალდზე რჩება“.
რუსული პროვოკაციების მიმართ საქართველოს მთავრობა იქნება მომთმენი
„თუკი რამე არსებობს, რაც ისტორიამ დაგვიმტკიცა, არის ის, რომ ნატოს მშვიდობის ძალა მოაქვს“, - განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ „ერთადერთი მიზეზი“, რის გამოც ბალტიის ქვეყნები „ახლა უსაფრთხოდ“ არიან, მათი ნატოს წევრობაა, თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ თუ ვარშავის სამიტი გაფართოების სასარგებლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ეს წაახალისებს რუსეთს იმოქმედოს არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ, არამედ, შესაძლოა, იმ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების წინააღმდეგაც, რომლებიც ახლა ნატოში არიან. „თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც ახლაა, ვერ ვხედავ რამეს... რაც რუსეთს ამის გაკეთებისგან შეაკავებს“, - განაცხადა მან. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტმა მაისში ვერ დადო ხელშესახები შედეგები, რამაც წააქეზა რუსეთი და აგრესიული ქმედებები სეპარატისტული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საზღვართან მავთულხლართების გავლებით გააგრძელა. „საქართველოს მთავრობა იქნება მომთმენი; ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ომი კიდევ მოხდეს... ჩვენ პროვოკაციაზე ვერ წამოგვაგებენ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო ძალების მიერ „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე ბოლო პერიოდში განხორციელებული სადემარკაციო ქმედებები განხორციელდა ტერიტორიაზე, რომელიც დაახლოებით 500 მეტრით არის დაშორებული აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალიდან. ხიდაშელის თქმით, ჩნდება შეკითხვა, რუსეთის სამიზნეა ამ მაგისტრალის ბლოკირება და ქვეყნის ორად გაყოფა, თუ ის, რომ თბილისმა საბოლოოდ შეწყვიტოს ფიქრი მის ისტორიულ არჩევანზე, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში. მიუხედავად იმისა, რა არის რუსეთის ხელისუფლების მიზანი, მოვლენების სამომავლო განვითარება - ან უკანსვლით ან წინ - დიდწილად 2016 წლის ივლისში დაგეგმილ ნატოს ვარშავის სამიტზეა დამოკიდებული.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ყოფილ სახელმწიფო მდივანს მადლენ ოლბრაიტს შეხვდა, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მრჩეველთა საბჭოს წევრია. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში 10 ორმხრივი შეხვედრა გამართა, როგორც სახელმწიფო წარმომადგენლებთან ისე, კვლევითი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. მინისტრმა ზემოაღნიშნული გზავნილები საჯარო გამოსვლებსა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გააჟღერა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტს აქტიურად აშუქებდა ადგილობრივი და უცხოური მედია. მინისტრმა ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია „ბი-ბი-სის“, „ალ-ჯაზირას“, „ამერიკის ხმის“ ქართულ და რუსულ რედაქციებს, „რადიო თავისუფლებასა“ და „ფორეინ ფოლისის“ მიმომხილველს. თინათინ ხიდაშელთან ინტერვიუები ასევე მოამზადეს „ნიუ-იორკ თაიმსისა“ და „ბლუმბერგის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების თემებზე მომუშავე წამყვანმა ჟურნალისტებმა.