საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, რომელსაც მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე ხელმძღვანელობდა ბრიუსელში სამ დღიანი ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის (PARP) შედეგად აღებული ვალდებულებების შეფასების განხილვები გაიმართა.
ქართული მხრიდან შეხვედრაში მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძე, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ბრიგადის გენერალი დავით ნაირაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი მარიკა ლალიაშვილი მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე ნატოს დელეგაციასთან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება, თავდაცვის დაგეგმვა, რესურსების მართვა, სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის მართვის საკითხებში გაწეული პროგრესი და საქართველოს მონაწილეობა ავღანეთში მიმდინარე ნატოს ოპერაციაში.
შეხვედრაზე ნატოს მხრიდან ხაზი გაესვა თავდაცვის სფეროში მიმდინარე პროგრესს. ნატოს წევრი ქვეყნები განსაკუთრებით მიესალმებიან საქართველოს გადაწყვეტილებას ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობის შესახებ. აღინიშნა, რომ ამით საქართველო ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციის ერთერთი მნიშვნელოვანი მონაწილე ხდება. ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს ფარგლებში მიმდინარე ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა უსაფრთხოების ინსტიტუტების სამოქალაქო პერსონალის პროფესიული განვითარების" პროექტის საკომიტეტო განხილვაც გაიმართა.
შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო სექტორის ადამიანური რესურსების მართვის საკითხში მიმდინარე პროცესებსა და მიღწევებზეც ისაუბრეს. განხილულ იქნა თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პერსონალის პროფესიული განვითარების გეგმებიც.