საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია აშშ-ის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ეწვია. თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს აკადემიის პრეზიდენტმა, გენერალ-მაიორმა ფრედერიკ პადილამ უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აკადემიაში კონტრტერორისტული კურსის სტუდენტს, გიორგი შენგელიასაც შეხვდნენ. თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საჯარო ლექცია თემაზე - „უსაფრთხოების ცვალებადი პარადიგმა ევროპაში - ქართული პერსპექტივა“ წაიკითხა. თინათინ ხიდაშელმა აქცენტი საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფისთვის საქართველოს როლსა და მნიშვნელობაზე გააკეთა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მხოლოდ საქართველოს არ სჭირდება ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ნატოსაც სჭირდება საქართველო. ლექციის შემდეგ აკადემიის მსმენელებს შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის კითხვები დაესვათ. აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აკადემია ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და გამორჩეულია.
აშშ-ის ნაციონალური თავდაცვის უნივერსიტეტი, 1976 წელს კონგრესის დადგენილებით შეიქმნა. 1981 წელს უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი სტრუქტურული ერთეული, გაერთიანებული საშტაბო კოლეჯი ჩამოყალიბდა. 1982 წელს კი ინფორმაციული რესურსების მართვის კოლეჯი დაარსდა. საგანმანათლებლო დაწესებულებას ორ წელიწადში ნაციონალური სტრატეგიების კვლევების ინსტიტუტიც დაემატა.
უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, შეიარაღებული ძალების და შერჩეული ოფიცრების და ლიდერებისთვის სამოქალაქო სექტორიდან შესაბამისი განათლების და პრაქტიკული გამოცდილების მიწოდებას სპეციალიზებული ფორმით.