ENG / RUS       12+

მთავრობის საიდუმლო სერობა ურეკში

შემოდგომაზე რამდენიმე მინისტრი - თეა წულუკანი, თამარ ბერუჩაშვილი და ოთარ დანელია - თანამდებობას დატოვებს. ეს ინფორმაცია რამდენიმე დღეა, მედიაში ვრცელდება, თუმცა ისე როგორც ხდება ხოლმე  პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო ცვლილება კატეგორიულად უარყო. პრემიერმა განაცხადა, რომ სამთავრობო ცვილილება არ იგეგმება.

 „ჯი-ეიჩ-ენის“ წყაროს ინფორმაციით, ის, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები აუცილებელად განხორციელდდება, ურეკში გადაწყდა.

„საერთოდ, ყოველ თუ არა, ყოველ მეორე შაბათ-კვირას ურეკში, ბიძინა ივანიშვილის, ასე ვთქვათ, აგარაკზე არაოფიციალური სამთავრობო სხდომა იმართება. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ყოფილ პრემიერს ცალკეული მინისტრები სტუმრობენ და გარკვეულ, რბილად რომ ვთქვა, რჩევებს იღებენ. ერთ-ერთი ასეთი არაოფიციაულური  სამთავრობო შეკრება წინა შაბათ-კვირას გაიმართა და სწორედ მაშინ მიიღო ივანიშვილმა გადაწყვეტილება, რომ იუსტიციის, საგარეო საქმეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები უნდა შეიცვალონ. მედიაში ითქვა, რომ წმენდაში თითქოს ფინანსთა მინისტრიც მოყვება, მაგრამ ნოდარ ხადური ჯერ თანამდებობაზე დარჩება“, - ჰყვება „ჯი-ეიჩ-ენთან“ წყარო და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახალ წლამდე მინისტრთა კაბინეტის თითქმის ორი მესამედზე მეტი შეიცვლება.

ექს-პრემიერი და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი, გადადგომის შემდეგ მუდმივად იმეორებს, რომ მთავრობა ეფექტურია და ევროპის სახელმწიფოებსაც კი შეშურდებათ მინისტრთა კაბინეტის ის შემადგენლობა, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს. თუმცა ცხადია, რომ ეს განცხადებები ობივატელისტვის თვალში ნაცრის შეყრაა. აბა, იმას ხომ არ იტყვის ქვეყნის უმთავრესი მოქალაქე, რომ მისი მემკვიდრეები არაეფექტური მმართველები არიან.

რამდენიმე დღეში აგვისტოც მიილევა. „კარზე მოდგა შემოდგომა“ და სულ რაღაც ერთი წელი დარჩება იმ დრომდე, როდესაც მოსახლეობას მოუწევს მეოცნებეთა შემდგომი ოცნებების ასრულება - არ ასრულებისთვის ვერდიქტის გამოტანა.

ივანიშვილს კარგად ესმის, რომ მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც „ბუქსირით“ მიათრევს, შესაძლოა, საარჩევნო მარათონზე დაეცეს. ეს კი, სულაც არ შედის მის გეგმებში. მართალია, ის მინისტრები, რომელთა გათავისუფლებაც „საიდუმლო სერობისას“ გადაწყდა, ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან, მაგრამ ხალხს ყველაფერთან ერთად სანახაობა სჭირდება. და ესეც რომ არ იყოს არაეფექტურობისთვის „თავის შვილს ხომ არ დასჯის“? პრინციპში დასახელებული ტრიო პირველ რიგში შესაწირ პაიკებად არიან განხილულნი. „მოქალაქის“ გადარჩენისთვის კიდევ ბევრი თავი დაიყრება, რასაც „ჯი-ეიჩ-ენის“ წყაროც ადასტურებს.  

„თანამდებობებს მხოლოდ ძალოვანი მინისტრები შეინარჩუნებენ, თუმცა ერთ ცვლილებას ამ კუთხითაც უნდა ველოდოთ - თუ „ემოციურ გაუგებრობაში“ მყოფი თამარ ბერუჩაშვილი თანამდებობას მართლა დატოვებს, მაშინ არსებობს მოლოდინი, რომ  საგარეო უწყება თინა ხიდაშელმა ჩაიბაროს. ერთი-ორჯერ კულუარებში ითქვა, რომ თავდაცვის მინისტრობა ირაკლი სესიაშვილს უნდა, მაგრამ არ მგონია, ეს ხმები გამართლდეს, თუმცა 2016 წლამდე „რესპუბლკელები“ მთავრობაში ბალანსს აუცილებლად შეინარჩუნებენ. უფრო მეტსაც გეტყვით, „კაბელების საქმის“ გამო, ივანიშვილი აშკარად ნაწყენია. ამიტომ, უნდა დავუშვათ, რომ დღის წესრიგში მთავარი პროკურორის შეცვლის საკითხი დადგეს. აქაც „პირველი ვიოლინოს“ ფუნქციას ისევ „რესპები“ შეასრულებენ. ეს პროცესი თინამ, პრინციპში, დაიწყო კიდეც - მართალია, ამბობს, კანონით აღვადგინე „კაბელების საქმის“ მონაწილეები თანამდებობაზეო, მაგრამ თუ ივანიშვილი ამ თემაზე დაელაპარაკება, ხიდაშელი ეტყვის, მე რას მედავები, პროკურატურამ მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა და საქმე ამიტომაც ჩაფლავდაო. ჰოდა, იმას ვვარაუდობ, რომ თუ მთავარი პროკურორი გაუშვეს, მაშინ „რესპუბლიკელები“ იმდენს „იჩალიჩებენ“, რომ ამ თანამდებობაზე თავიანთი კადრი მოიყვანონ, მაგალითად, გიგლა აგულაშვილი - მოგეხსენებათ, გარემოს დაცვის მოქმედ მინისტრს პროკურატურის ორგანოებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. თუმცა თუ ამასობაში, სოფლის მეურნეობის მინისტრის სავარძელიც გათავისუფლდა, მაშინ გიგლამ პროკურორბაზე შეიძლება, უარი თქვას და სოფლის მეურნეობაში გადაყვანა მოინდომოს,“ - აღიშნავს „ჯი-ეიჩ-ენის“ წყარო.

სხვათაშორის, ერთ-ერთი სერობისას „მოქალაქეს“ პურის გაძვირების საფრთხეზეც მოახსენეს. ბატონ ბიძინას უბრძანებია - რაღა დროს ეგაა, ვერ ხედავთ, დღე-დღეზე მინისტრთა კაბინეტი გადახალისდებაო.

ისე, ოცნების მხარდაჭერებს პური უფრო აინტერესებდათ, თორემ სანახაობა მიშას დროს რომ ჰქონდათ, ისეთი „ოცნებას“ არც დაესიზმრება. მაგრამ როგორც ჩანს აქცენტი მაინც სანახაობაზე გაკეთდა. დაველოდოთ მოვლენებს. ხასიათისა და განწყობის მოქალაქემ იქნებ სულაც გადაიფიქროს ცვლილებები და კვლავ პირველ ჩვენებას მიაწვეს - მინისტრთა კაბინეტი არის ძალიან ეფექტური!

„ჯი-ეიჩ-ენი“, გეგა სილაგავა

 
ავტორი: . .