საქართველოსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ერთმანეთი სჭირდებათ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში“ საჯარო გამოსვლისას განაცხადა. უწყების ინფორმაციით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელის საჯარო გამოსვლებიდან, სწორედ ეს გამოსვლა მოხვდა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში.
მინისტრმა საკუთარ მოხსენებაში უკრაინის კრიზისზე, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის პერსპექტივებზე, აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ისაუბრა.
თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატოს „ვარშავის სამიტზე“ დასავლეთის ერთსულოვანი მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება. მინისტრის თქმით, არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, პოლიტიკური რეალიები ცალსახად ადასტურებს, რომ საქართველოსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ერთმანეთი სჭირდებათ.
საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტური განხილვა შედგა „საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოშიც“. დახურული ფორმატის შეხვედრაზე დისკუსია საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.
თავდაცვის მინისტრი აშშ-ში კვლევით ორგანიზაციებსა და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდა. „ჰაიფაქსის ფორუმისა“ და „მაკკეინის ინსტიტუტის“ ერთობლივ ღონისძიებაზე თინათინ ხიდაშელმა საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე მკვლევარების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე მიწვეული ექსპერტები და მკვლევარები საქართველო-რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივებით დაინტერესდნენ. კითხვაზე, როგორია თავდაცვის მინისტრის პროგნოზი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თინათინ ხიდაშელმა უპასუხა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილი რესპუბლიკების „გავლენის სფეროებად“ განხილვა ხელს უშლის როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას, ისე რეგიონის უსაფრთხოების გარემოს სტაბილურობას.
თავდაცვის მინისტრმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ეშტონ კარტერთან შეხვედრის შთაბეჭდილებებიც გაუზიარა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს, მისი ვიზიტის ფარგლებში გამორჩეულად პოზიტიური და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო.
თინათინ ხიდაშელმა შეხვედრები ასევე გაიმართა „CNAS“-ში და „ბრუკინგსის ცენტრში“. „ბრუკინგსის ცენტრი“ თავდაცვის, უსაფრთხოების და სტრატეგიული განვითარების საკითხებზე მუშაობს და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არასამთავრობო ორგანიზაციად მიიჩნევა.