საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დღეს თურქი პარტნიორებისგან საჩუქრად სამხედრო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები მიიღო. საზეიმო ცერემონია ორხევის დასახლებაში, საავტომობილო ბატალიონის ბაზაზე გაიმართა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები თურქეთის მხარესთან 2004 და 2007 წლებში ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში გადმოეცა.
მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გადაცემის შესახებ დოკუმენტს საქართველოს მხრიდან შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა მამუკა ცხვედიანმა და სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა მიხეილ ქავთარაძემ, ხოლო თურქეთის მხრიდან თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს მოადგილემ, ბულენტ კორტმა მოაწერეს ხელი. საქართველოს ძალოვანმა უწყებებმა პარტნიორი ქვეყნისგან, დაახლოებით 700 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების 143 დასახელების მატერიალურ-ტექნიკური საშუალება მიიღეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. პოლკოვნიკმა საქართველოს შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების საქმეში მხარდაჭერისათვის თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა. „თურქეთის გრანტი გვაძლევს საშუალებას, გავაუმჯობესოთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები, მივიღოთ თანამედროვე აღჭურვილობა, რომელიც თავსებადია ნატოს სტანდარტებთან. ეს არის საუკეთესო აღჭურვილობა, საუკეთესო ტექნიკა, რომელსაც წარმატებით ვიყენებთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში“, - აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ.
მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გადმოცემის საზეიმო ცერემონიალს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები, თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე და სხვა თანამდებობის პირები დაესწრნენ.