საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრები „ფორტ ბელვორის ჰოსპიტალის“ ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ჰოსპიტალი თავდაცვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია და ერთ-ერთი გამორჩეული სამკურნალო დაწესებულებაა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰოსპიტლის ხელმძღვანელობამ ქართულ დელეგაციას პოსტ ტრავმული სტრესისა და ტვინის ტრავმის მკურნალობის სისტემა გააცნო. ყურადღება გამახვილდა არტ თერაპიასა და იმ სპორტული რეაბილიტაციის მნიშვნელობაზეც, რომელსაც სამხედროები ჰოსპიტალის ტერიტორიაზე გადიან.
გენერალური შტაბის უფროსმა ამერიკელ პარტნიორებს საქართველოში ჩამოსვლა და მათი გამოცდილების ქართველი კოლეგებისთვის გაზიარება შესთავაზა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ჰოსპიტლის წარმომადგენლებს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით ახლახან შექმნილი დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის შესახებაც უამბო, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაცია-რეინტეგრაციასა და რესოციალიზაციის პროცესს შეუწყობს ხელს.
„ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ქართულმა მხარემ ამერიკელ კოლეგებს თანამშრომლობა განათლების მიმართულებით სთხოვა. კერძოდ, საუბარია თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალის სხვადასხვა დისციპლინებში გადამზადებასა და დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის სამოქალაქო პერსონალის მომზადებაზე. შესაბამისი პროგრამები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაძლებლობას მისცემს, შექმნას ეფექტური და მდგრადი სისტემა, რომელიც საქართველოს ჯარისკაცებს ტრავმებისა და დაზიანებების შემთხვევაში, რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის პროცესს გაუმარტივებს“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა პაატა პატიაშვილმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაზარალებული სამხედროების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ვიზიტის ფარგლებში აღნიშნულ თემაზე თავდაცვის მინისტრმა ამერიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან ისაუბრა.